გორის მერის მორიგი „მარგალიტი“, ამჯერად – ოკუპანტებსა და ოკუპაციაზე

2019-03-15 19:25:17
668

7–თვიანი პაუზის შემდეგ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს მორიგი „მარგალიტებით“ გამოიჩინა თავი, ამჯერად – დიდ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოკუპანტებსა და ოკუპაციაზე საუბრისას.

კერძოდ, თავზარაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს, უბრალოდ ერევათ ხოლმე ოკუპანტებს, საქართველოს კონტროლირებადია თუ არა ტერიტორია“:

"[...] ნიღბები უკეთიათ ხოლმე [ოკუპანტებს], დგანან ცოტა მოცილებით, სოფლის განაპირას. [...] შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ, ქართული ტერიტორიაა თუ არა. უფრო სწორად, იქეთა მხარეს უნდა იყვნენ".

გორის მერმა სკანდალური განცხადებებით გასული წლის სექტემბერშიც გამოიჩინა თავი, როცა განაცხადა, რომ  "2008 წელს პირველი დაბომბვა ცხინვალის მიმართულებით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს":

„ჩვენთან არავინ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა, აქედან რომ ისვრი, იმათმაც იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ?! აქ რა მოხდებოდა, წარმოგიდგენიათ, ხომ? ჩვენ მერე, მეორე დილით გავიგეთ, რომ გავიღვიძეთ რვაში, ეს რა ხდებოდა, დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. ამაზე კითხვას რომ უსვამთ, იმათაც რომ გამოესროლათ, ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა?!...“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას კონსტანტინე თავზარაშვილმა [სტილი დაცულია].

ამასთან, გორის მერმა ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი "ზანგად" მოიხსენია.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თავზარაშვილს უთხრა, რომ "აშშ–ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდა, რუსულ პროვოკაციას არ წამოჰგებოდა".

საპასუხოდ  მერმა განაცხადა, რომ  კონდოლიზა რაისმაც იგივე თქვა, "ზანგი რომ იყო". 

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მაშინ ტელეკომპანია “თრიალეთმა” გაავრცელა:


 

მოგვიანებით გორის მერმა კონდოლიზა რაისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

„მე ნამდვილად არ მახსოვს, თუ მექანიკურად რაღაც წამომცდა, ამაზე ბოდიშს ვუხდი“.

რაც შეეხება ცხინვალის დაბომბვის დაწყებას, თავზარაშვილმა შემდეგი განმარტება გააკეთა:

„მე მოსახლეობას ვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და იყო ისეთი პროვოკაციები რუსეთიდან თავიდან გამოწვეული, რომ ჩვენს მთავრობას, მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო, ეს პროვოკაციები აეცილებინა და ამ ომში არ ჩაბმულიყო. ამასთან დაკავშირებით ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც, გახსოვთ ალბათ, კონდოლიზა რაისი, მაშინდელი ელჩი მაილსი აფრთხილებდნენ სააკაშვილს, რომ ეს პროვოკაციები აუცილებლად იქნებოდა და არ წამოგებულიყო ამ პროვოკაციებს“ [სტილი დაცულია].