„ჩვენი ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები“

2019-03-15 18:03:59
471

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ დიდ ხურვალეთში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები“.

„ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები, საოკუპაციო ხაზს მიღმა. არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლისა, წვდომისა ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ ეტაპისთვის ინციდენტი არის განმუხტული. სრულიად არის აღდგენილი თავისუფლად გადაადგილება, თუმცა ეს მოსახლეობისთვის არც შეზღუდულა  და არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი", – განაცხადა ციხელაშვილმა. 

მინისტრმა ყველას, მათ შორის მედიასაშუალებებს მიმართა თხოვნით, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ.

„ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებულია, საუბედუროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები და თქვენ იცით, რომ ამ პირობებში ჩვენი ამოცანა არის, თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია“, – დასძინა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის: "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" დღეს ხურვალეთის მკვდრთა ნაწილზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის ნაწილობრივ ოკუპირებული სოფელ ხურვალეთის ბოლოს დაკავების შესახებ. 

მისივე  ინფორმაციით, შეირაღებულმა ოკუპანტებმა მოქალაქეების ეზოები  დაიკავეს და ერთ–ერთ ლოკაციაზე საგუშაგო კოშკიც განათავსეს. 

"სამამდე ოკუპანტს ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ დღეს ათეულობით შემოვიდნენ. ამდენი დღემდე არასდროს გვინახავს" - აცხადებენ ადგილობრივი მოსახლეები.

სუს–ი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები კი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების გადმოსვლის ფაქტს უარყოფენ.