„ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებმა გარკვეული ტენდენციის სახე მიიღო“

2019-03-15 17:57:23
105

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შელახვამ, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებმა გარკვეული ტენდენციის სახე მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს განცხადება მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში კრიზისების საკითხებში ტოივო კლაართან შეხვედრაზე გააკეთა და ამ კონტექსტში საერთაშორისო საზოგადოებისა და განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენცია.

„ამ ფონზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გალის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების თანახმად განახლების აუცილებლობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების გახშირებული ფაქტების გამო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლების საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს და რუსეთის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ქართული მხარე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რათა მოხდეს გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენა და სათანადო ზომების მიღება.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტოივო კლაარს ევროკავშირის როლისა და წვლილისთვის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

ცნობისთვის: ტოივო კლაარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სოხუმში გამართული შეხვედრების შემდეგ შეხვდა.