„აშშ–სა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ“

2019-03-15 17:38:03
96

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.  

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის ატაშემ ცენტრ „კრწანისში“ გააკეთა.

როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ამერიკელმა დიპლომატმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

„ხაზგასასმელია საქართველოს შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. საქართველოს ურთიერთთავსებადობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. მომავალ კვირას საქართველო ნატო-საქართველოს სწავლებას მასპინძლობს. ნამდვილად უჩვეულოა, რომ ნატო-ს ეგიდით წარმოებული სწავლება ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება. ინსტიტუციონალიზაცია, რაზეც მინისტრმა იზორიამ და გენერალ-მაიორმა ჩაჩიბაიამ დღეს ისაუბრეს, ძალიან მაღალ დონეზეა. ამაზე მეტყველებს საქართველოს თავდაცვის ძალების უპრეცედენტო განვითარებაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ხელმძღვანელობის კომპეტენციისა და სტაბილურობის შედეგია. კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი ჩვენს ქვეყნებს შორის არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა.