ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

2019-03-15 16:44:59
191

ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. მიუხედავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებისა, ხურვალეთის მკვიდრი ლუდა სალია იუწყება, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან.   

„დავით ხუროშვილის [ხურვალეთის მკვიდრი] ეზოში კვლავ დგას 8 რუსი სამხედრო. იდგნენ ბატონიშვილების ეზოებშიც“,– იუწყება სალია.

ამ დროისთვის ჟურნალისტები, რიგითი მოქალაქეები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები ხურვალეთის შესასვლელთან არიან მობილიზებულები და სოფელში შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ.

ცნობისთვის: "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" დღეს ხურვალეთის მკვდრთა ნაწილზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის ნაწილობრივ ოკუპირებული სოფელ ხურვალეთის ბოლოს დაკავების შესახებ. 

მისივე  ინფორმაციით, შეირაღებულმა ოკუპანტებმა მოქალაქეების ეზოები  დაიკავეს და ერთ–ერთ ლოკაციაზე საგუშაგო კოშკიც განათავსეს. 

"სამამდე ოკუპანტს ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ დღეს ათეულობით შემოვიდნენ. ამდენი დღემდე არასდროს გვინახავს" - აცხადებენ ადგილობრივი მოსახლეები.

სუს–ი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები კი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების გადმოსვლის ფაქტს უარყოფენ.