"ოკუპანტებმა კონტროლი საქართველოს კიდევ ერთ ტერიტორიაზე დაამყარეს"

2019-03-15 14:37:48
544

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის ნაწილობრივ ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთის ბოლო დაიკავეს, -  ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება. 

მისივე ცნობით, შეირაღებულმა ოკუპანტებმა მოქალაქეების ეზოები  დაიკავეს და ერთ–ერთ ლოკაციაზე საგუშაგო კოშკიც განათავსეს. 

"სამამდე ოკუპანტს ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ დღეს ათეულობით შემოვიდნენ. ამდენი დღემდე არასდროს გვინახავს" - აცხადებენ მოსახლეები.

ცოტა ხნის წინ ხურვალეთში ვითარების გასარკვევად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" აქტივისტები ხურვალეთისკენ დილიდანვე გაემართნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა ქართულმა პოლიციამ მათ სოფელში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა. 

მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა მოქალეებს მოუწოდებს, "ხურვალეთისკენ დაიძრან":

"რუსმა ოკუპანტებმა დღეს საქართველოს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილის ოკუპაცია განახორციელეს. ყველას, ვისთვისაც საქართველოს ტერიტორიის დარჩენილი ნაწილი მნიშვნელოვანია, მოგიწოდებთ, დაიძრათ ხურვალეთისკენ". 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახური "საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ მიერ 15 მარტისთვის დე ფაქტო საზღვარზე, დიდი ხურვალეთის მიდამოებში „პროვოკაციის მზადების“ შესახებ იუწყებოდა. 

„პროვოკატორების მთავარი მიზანია, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევისა და სახელმწიფო საზღვარზე არასტაბილურობის კერის შექმნისათვის მათი დაკავების წინაპირობები შექმნან. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა პოლიტიკური ქულებისა და სამომავლოდ საქართველოს პარლამენტის დეპუტატად კენჭისყრის შესაძლებლობის მოსაპოვებლად მიზანმიმართულად აყენებს რისკის ქვეშ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ვითარების კონტროლიდან გასვლის შემთხვევაში რეალურ საფრთხეში აღმოჩნდებიან“, – ნათქვამი იყო ოსური უშიშროების განცხადებაში.

დე ფაქტო უწყება დავით ქაცარავასა და მისი მოძრაობის წევრებს აფრთხილებდა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში მათ დაკავება და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით გასამართლება ელოდათ“.

თავად ანტისაოკუპაციო მოძრაობამ 12 მარტს ხურვალეთის მკვიდრი დავით ხუროშვილის ბაღის დამუშავება დააანონსა და მოხალისეებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა:

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მიწა არ მივატაცებინოთ ოკუპანტებს, ისევე, როგორც ეს გაკეთდა ატოცში, ჩორჩანაში... ჩორჩანის ტყე დღეს მთლიანად არის გათავისუფლებული რუსი ოკუპანტებისგან. ისინი ვერ შემოდიან ამ ტყეში. ვგეგმავთ, ოკუპანტებს ამ ბაღში ყველანაირი შეფერხება შევუქმნათ: ჩვენი მოძრაობა პარასკევს ჩამოვა ამ ბაღში და დაამუშავებს. ჩვენ ხელში გვექნება იარაღი, მაგრამ მშვიდობიანი: თოხი, ბარი, ფოცხი, ნაჯახი, „დრუჟბა“. ამ იარაღებით დავუდგებით ოკუპანტებს და ვაჩვენებთ, რომ  არ გვეშინია აქ ყოფნის, რომ ჩვენს მიწას არ დავუთმობთ, არ მივცემთ უფლებას, დააშინონ ჩვენი მოსახლეობა და ამყოფონ ფსიქოლოგიურ ტერორში“.