„ანაკლიის პორტს აქვს პოტენციალი, დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში სტრატეგიული პუნქტი იყოს“

2019-03-15 14:05:20
105

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, ანაკლიის პორტს აქვს პოტენციალი, დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტი იყოს. 

„შეიძლება, თვითონ პორტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ძლიერი არ იყოს, მაგრამ მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ცალსახაა:

შავი ზღვა რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ გლობალურ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიცენტრი გახდა. დასავლეთი ცდილობს, რუსეთი ამ არეალში დააბალანსოს და ამას ინფრასტრუქტურა სჭირდება, რაც დასავლეთს არ აქვს. ამ თვალსაზრისით შეიძლება, სტრატეგიულად საქართველოს მიმართულება განიხილებოდეს. თუ საქართველოს მიმართულება იქნება განხილული, ამისთვის ქვეყანაში არსებული პორტები რბილად რომ ვთქვათ, ვარგისი არ არის, ანაკლიას კი ამის პოტენციალი აქვს. შესაბამისად, რუსების ეჭვიანობა გასაგებია", - განაცხადა ხუხაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე „ანაკლიის განვითარების“ კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სტუმრებს პორტში ჩატარებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ექსპერტების თხოვნით, შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.