საქართველოს პრეზიდენტმა გარეგინ II-ს აფხაზეთში არსებულ სომხურ ეკლესიებთან დაკავშირებით რიგი მოთხოვნები წაუყენა

2019-03-15 13:11:45
618

სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხური ეკლესიის მეთაურს გარეგინ II-ს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხური ეკლესიის მეთაურმა საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა, სალომე ზურაბიშვილმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე, თუმცა საჭიროა კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაცია:

“ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება. ჩვენ შეგვიძლია, მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის  საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა. კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ კონტექსტში გაიმართა ხანგრძლივი საუბარი აფხაზეთის შესახებ, რომლის დროსაც გარეგინ II-მ განაცხადა, რომ "აფხაზეთი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რაც წერილობითი ფორმით არის დადასტურებული".

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა  სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა თავისი მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.

"ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან კათოლიკოსს მოსთხოვა "ამ გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიისა და სამრევლოს წინამძღვრის  სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციას დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო”.


საპასუხოდ გარეგინ II-მ განაცხადა, რომ ,,ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში აღიარებს”.

საქართველოს პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ "დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს”.

ამასთან, ზურაბიშვილმა სომხეთის ეკლესიის მეთაურს საქართველოს პატრიარქის თხოვნა გადასცა:

“საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ პატრიარქისგან, ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში, ეს არის მანამდე არსებული და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარებიან მეტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე, უფრო სასურველი იქნება, რომ ისინი დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ”.