რა კავშირი აქვს ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტს საქართველოსთან: სუსი დეტალებს არკვევს

2019-03-15 12:49:03
527

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტების დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ ინფორმაციას პარტნიორებისგან ელის.  

საქმე იმაშია, რომ უცხოურ მედიაში ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, მათზე სხვადასხვა მართლმადიდებლურ, მათ შორის ქართულ ენაზესიმბოლოები და წარწერებია დატანილი.

კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მჭიდებზე ქართულად წერია „დავით სოსლანი“ და „დავით აღმაშენებელი“.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ", – ნათქვამია  სუს–ის განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს.

ცნობისთვის: ახალ ზელანდიაში შეიარაღებული პირები 2 მეჩეთში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 40-მდე ადამიანი.