თავდასხმა ახალ ზელანდიაში: მჭიდებზე მართლმადიდებლურ ენებზე, მათ შორის ქართულად შესრულებული წარწერები აღმოაჩინეს

2019-03-15 12:40:28
322

ტერორისტებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმა განახორციელეს, ავტომატების მჭიდებზე მართლმადიდებლურ, მათ შორის ქართულ ენაზე დატანილი წარწერები ჰქონდათ.  ფოტომასალას ბრიტანული გამოცემა Daily Mail  აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, მჭიდებზე, რომელიც სამართალდამცველებმა ტერაქტის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ქართულად ეწერა „დავით სოსლანი“ და „დავით აღმაშენებელი“.

ახალ ზელანდიაში შეიარაღებული პირები 2 მეჩეთში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 40 ადამიანი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ".

"უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო" – ნათქვამია განცხადებაში.