ზურაბიშვილი – ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე: „შესაძლოა, ეს პასუხია ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე“

2019-03-15 12:03:24
88

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურთან, კათოლიკოს გარეგინ II-სთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ზურაბიშვილმა ყურადღება აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე გაამახვილა. 

„ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა მშვიდობიანი ნაბიჯებისგან შედგება. ვცდილობთ, მათ ხელი გავუწოდოთ და დავეხმაროთ ყველა კუთხით: განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური წამოწყებებით. სამწუხაროდ, ოკუპირებული ხაზის იქით – აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა მძევლად არის აყვანილი და შეიძლება, ეს არის პასუხი ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე - ბოლო პერიოდში, ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება ძალიან შეზღუდულია. დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გადმოსასვლელი პუნქტები, რამაც საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა შექმნა. ასევე იცით, რომ ოკუპაციის ხაზზე ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, სადაც გატაცებები გახშირდა, რაც ზოგჯერ ტრაგიკულდ მთავრდება, როგორც რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. ეს ოკუპაციის ხაზის ჩვენს მხარეს ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის, თუნდაც იმ მოსახლეობისათვის, რომელიც ცხოვრებას ამ ძალიან მძიმე პირობებში აგრძელებს. რაც შეეხება მეორე მხარეს, პრაქტიკულად აკრძალულია ქართული ენის სწავლა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წირვა ქართულ ენაზე საერთოდ არ აღევლინება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით 13–14 მარტს იმყოფებოდა.