ვიდეო ▶ ფულის გამოძალვის საქმეზე ორი სამხედრო დააკავეს: ოჯახი კიდევ 4 პირზე მიუთითებს

2019-03-15 11:19:19
129

სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ „საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს“.


როგორც დაზარალებული,  კრწანისის სასწავლო ცენტრის წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი აცხადებდა, მას სამხედროები სერჟანტის თანდასწრებით სძალავდნენ ფულს, უარის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.


„8 მარტს, ღამის 02:00 საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს. ეს სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად მცემეს. მეორე დღეს ექიმთან  მივედი. მას არც კი უკითხავს, თვალი რატომ მქონდა ჩალურჯებული",-აცხადებდა ქაზიმ გახრამანოვი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ირწმუნება, რომ წვევამდელებზე არა ოფიცრები, არამედ წვევამდელები ძალადობდნენ, რის მიზანსაც სახელფასო ბარათების გამოძალვა წარმოადგენდა.

„ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელა.  ფიზიკური ზეწოლის შედეგად სახელფასო ბარათების მოპოვება სურდათ. დაკავებული წვევამდელები ინციდენტიდან ორიოდ დღეში ასრულებდნენ ჯარში სავალდებულო სამსახურს. როგორც კი ძალადობის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია, სულ რაღაც ერთ დღეში ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები  და დავადგინეთ, რა მოხდა რეალურად. შესაბამისად, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრი ინციდენტში ოფიცრების მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს:

„კატეგორიულად გამოვრიცხავ, ბევრი სპეკულაციები იყო, არავითარი მონაწილეობა ოფიცრებს არ ჰქონიათ, ეს მოხდა წვევამდელებს შორის,“ - განაცხადა მინისტრმა.

მომხდარი ძალადობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი წვევამდელის ოჯახის წევრებისგან გახდა. როგორც ისინი აცხადებდნენ, ეს მსგავსი ძალადობის პირველი შემთხვევა არაა.

რაც შეეხება ჯარისკაცების დაკავებას, ოჯახი თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიებით უკმაყოფილოა, რადგან მათი ინფორმაციით, ძალადობასა და ფულის გამოძალვაში კიდევ 3 სამხედრო მონაწილეობდა. 

„ჩვენ დანარჩენების დასჯასაც ვითხოვთ. დანაშაულში 5 ჯარისკაცი და ერთი სერჟანტი მონაწილეობდა, მათგან დაკავებული მხოლოდ ორი სამხედროა. ვიცით, რომ იყო ერთი სერჟანტი, რომელიც დაზარალებულებს ემუქრებოდა და უშუალოდ მფარველობდა ფულის გამოძალვის ისტორიას. პასუხისგებაში მხოლოდ რიგითების მიცემა, საკარისი არაა –მეთაურებიც უნდა დაისაჯონ, რათა სამხედრო ნაწილში ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ფულის გამოძალვის ფაქტები აღარ განმეორდეს,“ - აცხადებენ დაზარალებულის ოჯახის წევრები.