ერევანი ყარაბაღის საკითხზე თბილისის განცხადებებში „უფრო ნეიტრალური და მოზომილი ფორმულირებების" გამოყენებას ისურვებდა

2019-03-15 11:03:48
425

ერევანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე თბილისის განცხადებებში „უფრო ნეიტრალური და აწონილ–დაწონილი“ ფორმულირებების" გამოყენებას ისურვებდა. ამის შესახებ, სომხური მედიის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტთან 14 მარტის შეხვედრისას სომხური პარლამენტის სპიკერმა  არარატ მირზოიანმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მეტი ძალისხმევა, რათა აწონილ–დაწონილი და ნეიტრალური ფორმულირებები კვლავაც იყოს ორიენტირი მთიანი ყარაბაღის შესახებ ყველა განცხადებაში“, – განაცხადა მირზოინმა.

ამ კონტექსტში მან შეშფოთება გამოთქვა თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2018 წლის 29 ოქტომბრის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც „კონფლიქტის დარეგულირების მხოლოდ ერთი პრინციპია ნახსენები“.

"გარდა ამისა, სპიკერის თქმით, სომხურ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბაქოში ამასწინანდელი ვიზიტის დროს გამოყენებულმა ფორმულირებებმა. ამ მხრივ პარლამენტის სპიკერმა მიუღებლად ჩათვალა სხვადასხვა კონფლიქტებისადმი განზოგადოებული მიდგომა“, – იუწყება სომხური მედია.

მისივე ინფორმაციით, მირზოიანის შეშფოთების საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა რეგიონული კონფლიქტების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ შესაბამისობაში მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რეგიონული კონფლიქტები ერთობლივ განვითარებას ხელს უშლის.

იხილეთ ასევე : 

ერევნისადმი ზურაბიშვილის ხისტი, თუმცა ადეკვატური გზავნილები

კავკასიოლოგ გიორგი კანაშვილს არ ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ერევანში ვიზიტის დროს გაკეთებულის მსგავსი განცხადებები სიკეთის მომტანი იყოს.

„მთიანი ყარაბაღის სოხუმთან და ცხინვალთან თანამშრომლობა რეალურად არაფერს ცვლის. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა, სომხეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მყარია და გადახედვას არ ექვემდებარება, ხოლო სომხეთის როლი ჯავახეთში ყოველთვის იყო პოზიტიური. ამიტომ ამგვარი განცხადებები არა მგონია, რაიმე სიკეთის მომტანი იყოს" - განუცხადა "აქცენტს" კანაშვილმა.

მისივე აზრით, "თუ პრეზიდენტი და ზოგადად საქართველოს ხელისუფლება მართლაც რაიმე რისკებს ხედავენ ამ მიმართულებით, ალბათ, სჯობს, ეს საკითხები ჯერ კულუარულად იყოს განხილული სომხეთის მთავრობასთან".

"ვეჭვობ, რომ მსგავსი სამუშაო გაწეულ იქნა" - დასძინა მან. 

სომეხი ექსპერტი ჯონი მელიქიანი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბაქოში ამასწინანდელი ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი ინფორმაციით, "სომხურ საზოგადოებაში არაერთგავროვნად იქნა აღქმული".


 

მისივე თქმით, „თბილისში მტკიცედ უნდა აცნობიერებდნენ, რომ სომხეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს".

„ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან სომხეთსა და საქართველოს შორის არსებობდა ჯენტლმენური შეთანხმება სხვადასხვა პლატფორმებზე ერთმანეთის საწინააღმდეგო საკითხების არწამოწევისა და ერთმანეთის წინააღმდეგ ხმისარმიცემის თაობაზე. სამწუხაროდ, სადღეისოდ ეს ძმური შეთანხმება არ მოქმედებს. ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტთან გუშინდელ შეხვედრაზე სომხეთის პარლამენტის სპიკერმა არარატ მირზოიანმაც დააყენა და ეს თბილისისადმი ერთგვარი გზავნილი იყო“, – განაცხადა ექსპერტმა.

სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ექსპერტი რუბენ მეგრაბიანი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ვიზიტებს არ  მიესალმება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალსახად საქართველოს ტერიტორიაა და „თუკი ჩასვლაა, სჯობს, თბილისში ჩადიოდნენ“.


 

„ჩემი აზრით, ეს ვიზიტები თავისთავად ნაკლულია და საერთოდ არ არის საჭირო მათი ორგანიზება. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზეთში ძალიან დიდი სომხური დიასპორა ცხოვრობს. ასევე საკმაოდ დიდია სომხური თემი ცხინვალის რეგიონში და ოფიციალური ერევნისთვის მათი ბედი სულერთი ვერ იქნება. გასაგებია ისიც, რომ ერევანი ამას [ვიზიტების განხორციელება] ვერ გააკეთებს... დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მსგავსი ნაბიჯები კავშირშია რუსეთთან. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, სომხეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში არაერთგზის დაფიქსირებულა, მათ შორის 5-დღიანი ომის პერიოდშიც გაკეთდა ცალსახა შეფასებები და შემდგომშიც. შესაბამისად, თბილისს არ უნდა შეჰქონდეს არანაირი ეჭვი იმაში, რომ ერევნის ეს პოზიცია უცვლელია“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

რაც შეეხება ბაქოში და შემდეგ ერევანში ვიზიტების დროს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მეგრაბიანის შეფასებით, "საქართველის პრეზიდენტმა ბაქოში განაცხადა ის, რაც საქართველოს და აზერბაიჯანთან საქართველოს ურთიერთობებს სჭირდებოდა, რაც აზერბაიჯანელის ყურს ესიამოვნებოდა, თუმცა ეს სომხეთის შესახებ არ თქმულა", 13-14 მარტს სომხეთში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები კი "შესაძლოა, ვინმესთვის მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ ჟღერდა, თუმცა სრულად შეესაბამებოდა სომხეთ–საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ სულისკვეთებას".

„ეს სულისკვეთება კეთილმეზობლურია, მიმართულია თანამშრომლობის გაღრმავებაზე ყველა შესაძლო მიმართულებით, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს და სომხეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და თუკი სადღეისოდ კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაქვს, შეუძლებელია, ხვალ ისინი სამოკავშირეოში არ გადაიზარდოს. ხოლო იმის მიზეზი, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები უკვე დღეს არ გვაქვს, არც თბილისში მდგომარეობს და არც ერევანში, მიზეზი გარე მოთამაშეებშია, რომლებიც მოქმედებენ იმგვარად, რომ ერთგვარი ფარგმენტაცია შემოიტანონ ჩვენს რეგიონში".

რაც შეეხება საქართველო-სომხეთის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებს, მეგრაბიანის შეფასებით, "სადღეისოდ თავისუფლად შეიძლება იმის კონსტატაცია, რომ ორ ქვეყანას ფასეულობათა ერთიანი ღერძი გააჩნიათ, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია განვითარებისთვის და იმ საგარეო აქტორების ხრიკების დასაძლევად, რომლებიც ცდილობენ, ყველა იმ "სიკეთს", რომელიც რეგიონში უკვე დაატრიალეს, სომხეთსა და საქართველოს შორის პრობლემების შექმნაც დაამატონ“.