აუდიტის სამსახური: "ბათუმში განათების 17 619 წერტილიდან 1 863 გაუნათებელია"

2019-03-14 20:33:26
97

ბათუმში განათების 17 619 წერტილიდან 1 863 გაუნათებელია, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც აუდიტის სამსახურს ბათუმის მერიის პასუხისმგებელმა პირებმა განუმარტეს, 644 წერტილის გაუნათებლობა ქალაქის უბნებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება, 1 219 წერტილი კი სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ მათი აღდგენა, მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შპს „აჭარგანათების“ ვალდებულებას არ წარმოადგენდა.

„აღნიშნული არგუმენტი ვერ ჩაითვლება მისაღებად, რადგან დაზიანებული სანათების აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, მომსახურების ჩამონათვალში არ უნდა ყოფილიყო შეტანილი. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ აუდიტის პერიოდში არაობიექტური მიზეზებით, ყოველთვიურად გაუნათებელი იყო 1 219 წერტილი“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, გაუნათებელი წერტილების გამო, კონტრაქტორი კომპანიის დაჯარიმება იყო შესაძლებელი (ყოველთვიურად 731 400 ლარით), რაც არ განხორციელდა.