„ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ასე იქნება მომავალშიც"

2019-03-14 17:09:52
74

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ანაკლიის პროექტი მთავრობისთვის პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება.

ამის შესახებ ზალკალიანმა  პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს მთავრობა არ უჭერდეს მხარს პროექტს და ის ევროკავშირის პრიორიტეტული პროექტების სიაში წარადგინოს?! ეს პროექტი შეტანილია აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. [...] მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული და მას შემდეგ  ქვეყნის ყველა პრემიერ-მინისტრი ამ პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას.