ზალკალიანი აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაჭიანურების მიზეზად „ბევრ ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებას“ ასახელებს

2019-03-14 17:00:08
113

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაჭიანურების მიზეზად „ბევრობიექტურ და სუბიექტურ გარემოებას“ ასახელებს.

ამის შესახებ ზალკალიანმა  პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახალ სტრატეგიაში აშშ-სთან თავდაცვის, უსაფრთხოების და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებაზე არის ყურადღება გამახვილებული.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ საქმიანობას ვახორციელებთ, რომელიც შეიძლება, არ ჩანდეს. აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ყველაფრის დეკლარირება ვერ ხერხდება, მაგრამ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. ბევრი ობიექტური და სუბიექტური გარემოება არსებობს იმისა, თუ რატომ არის ეს პროცესი დროში ასე გაწელილი", – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ გასათვალისწინებელია აშშ–ში მიმდინარე შიდა პროცესებიც.

მინისტრის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა არსებობს პერსპექტივა, რომ საქართველოს აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდეს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ და არის შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაჩნდეს”, – დასძინა მინისტრმა.