კვარაცხელიას ცხედრის პირველადი ექსპერტიზა: რას ამბობენ დამოუკიდებელი ექსპერტები

2019-03-14 14:17:16
638

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ყელის არეში ნაჭდევები აღენიშნება; არის თუ არა ისინი სიცოცხლისდროინდელი, შემდგომი ექსპერტიზა დაადგენს, სხვა ხილული დაზიანებები კი პირველადი დათვალიერების შედეგად არ გამოვლინდა. ამის შესახებ "აქცენტს" ცენტრ "ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა აცნობა.

12-13 მარტის განმავლობაში გალის რაიონის მაცხოვრებლებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაციები კვარაცხელიას ცემისა და წამების შედეგად გარდაცვალების თაობაზე. ითქვა, რომ მას დაზიანებები ზურგისა და თავის არეში ჰქონდა მიყენებული, ასევე ის, რომ მის მიმართ ელექტროშოკის აპარატი გამოიყენეს.

„რამდენადაც ვიცი, თავის და ზურგის არეში ხილული დაზიანებები არ არის. რაც შეეხება ელექტროშოკს, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაველოდოთ. ყელის არეში არის ცოტა რაღაც ნაჭდევები, მაგრამ სიცოცხლისდროინდელია ისინი თუ სიკვდილისშემდგომი, ლაბორატორიული კვლევა დაადგენს. ქსოვილოვანი მასალა აღებულია. ლაბორატორიულ კვლევას დრო დასჭირდება“,– განუცხადა „აქცენტს“ ჯიშკარიანმა.

ამასთან, მან იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ წამება შეიძლება, იყოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და მის დასადგენად კომპლექსური კომისიური ექსპერტიზაა საჭირო: 

„ადამიანი თუნდაც თავს რომ იკლავს, გარკვეული წინაპირობა ექმნება საამისოდ და არ არის გამორიცხული, გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ჰქონოდა ადგილი“. 

როგორც ჯიშკარიანი ვარაუდობს,  სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 2–3 კვირაში გახდება ცნობილი, შემდეგ კი „ემპათია“ საგამოძიებო მასალებს გამოითხოვს და კომპლექსურ კომისიურ დასკვნაზე იმსჯელებს. 

კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის პროცესს ესწრებოდა კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი - ირაკლი თოიძე. მან დაადასტურა ჯიშკარიანის ინფორმაცია ყელის არეში „უმნიშვნელო ნაჭდევების“ არსებობის შესახებ და აღნიშნა ისიც, რომ ცხედარში შინაგანი ორგანოები ჩაბრუნებულია. 

„შინაგანი ორგანოები ამოღებული იყო და შემდეგ ჩააბრუნეს. ავიღეთ სინჯები ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის. დაზიანებები რაც იყო ყელზე, უმნიშვნელო ნაჭდევებია. სიცოცხლისდროინდელია ისინი თუ სიკვდილისშემდგომი, - ამის დასადგენად სინჯები ავიღეთ ლაბორატორიული კვლევისათვის“ -  განუცხადა "აქცენტს" თოიძემ.

ამ დროისთვის ირაკლი კვარაცხელია სენაკშია გადასვენებული.