„თუ რეგიონული კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვა, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება“

2019-03-14 13:09:22
170

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რეგიონული კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა გადმოვიდეს. ეს განცხადება მან ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.

„საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ წარმოშობით სომხები და აზერბაიჯანელები და ჩვენთვის შეიძლება, ისევე მტკივნეული იყოს ეს კონფლიქტი, როგორც თქვენთვისაა, რადგან კონფლიქტი რომ გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება. ასე, რომ ამ კუთხით, მე მგონია, ჩვენი ინტერესები ძალიან ნათელია და არავისთვის გვჭორდება იმის ახსნა, რომ საქართველოსთვის უალტერნატივო პოლიტიკაა, მისი კონფლიქტები, მის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და ასევე ის კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არაა, მაგრამრომლის გადმოტანა შეიძლება, იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის, ისიც უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით", - განაცხადა ზურაბიშვილმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, საქართველომ და სომხეთმა მათ ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების გადასაჭრელად ერთობლივად უნდა იმუშავონ, რათა „კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მიაღწიონ“:

„თუ არა, მაშინ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ - ეკონომიკური წინსვლა, სტაბილურობა, უფრო მეტი ურთიერთობა და მათი გაღრმავება, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ქსელების განვითარება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან - მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებია“ - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.