"თუ სომხეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს უნდა იყოს აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად"

2019-03-14 12:57:45
7108

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისადმი მთიანი ყარაბაღის "სამწუხარო" პოზიციაზე მიუთითა.

ამ კონტექსტში მან სტეპანაკერტის დელეგაციის ცხინვალში ამასწინანდელი ვიზიტი ახსენა და განაცხადა, რომ თუ სომხეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს "უნდა იყოს აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად".

"ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონფლიქტები ალბათ, ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას. როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად. ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ. ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს",- განუცხადა ზურაბიშვილმა მირზოიანს.

ამასთან, მან რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ოფიციალური თბილისის ურყევი პოზიციაა:

„საქართველოც, სომხეთის მსგავსად, თვლის და ეს ურყევი პოზიციაა, რომ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება, მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას, ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის“ - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.