მოსამართლე სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული დასკვნის გამო არასამთავრობოებს აკრიტიკებს

2019-03-14 13:04:15
92

ვეცდებით, სახელმწიფო დეპარტამენტს რეალური სურათი მივაწოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მეთოფიშვილის თქმით,  დასკვნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და სხვა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ეყრდნობა.

„დასკვნას გავეცანი და პირდაპირ მასშიც წერია, რომ დასკვნა ეფუძნება ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიც არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და რამდენიმე სხვა, მათ შორისაა სულხან სალაძისა და ეკა გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციები. გიგაურზე ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება, რომ ის არის ადამიანი, რომელიც აგროვებს ჭორებს და მეტს არაფერს. ეს არის უკვე დადასტურებული. მე პირადად ბევრი ჭორი ვიცი გიგაურზე, როდესაც მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში და იყო ერთ-ერთი გავლენიანი მოადგილე, იმ პერიოდში, როცა ხელმძღვანელობდა სატენდერო კომისიას, საკადრო პოლიტიკას და 1 500 ადამიანი იყო გათავისუფლებული და ა.შ. მაგრამ ამ ჭორებს მე არ ვავრცელებ, თუმცა 1500 თანამშრომლის გათავისუფლება რეალობაა და არ არის ჭორი. ჭორიც ბევრი ვიცი. ამ ჭორებს არ ვაგროვებ, ის აგროვებს ზუსტად ჭორებსა და ფანტაზიებს. ეს არის დადასტურებული თუნდაც იმით, რომ „იფსოსმა“, საფრანგეთის ერთ-ერთმა უძლიერესმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, მათ შორის დამოუკიდებლობასთან, კორუფციასთან მიმართებაში და ა.შ. დადო დასკვნა, რომელსაც ჩვენ გავეცანით. ასეთი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია, ალბათ, რა თქმა უნდა, უფრო სანდოა, ვიდრე გიგაურის ჭორების შეგროვება“, – განაცხადა მეთოფიშვილმა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეცდება, სახელმწიფო დეპარტამენტს „იფსოსის“ მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები და რეალური სურათის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.

„ალბათ, ჩვენ საბჭოზე გავიტანთ ამ საკითხს, ამ დასკვნას და რამენაირად ვეცდებით, თუნდაც ასეთი ავტორიტეტული კვლევები მივაწოდოთ დეპარტამენტს, როგორიც „იფსოსის“ კვლევაა, მათ შორის შიდა კვლევებიც, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ვეცდებით მივაწოდოთ რეალური სურათი“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა. ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი. დასკვნაში წერია, რომ საქართველოში კანონმდებლობა უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, თუმცა სასამართლოს მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობდნენ.