„საქართველო მონათა ხროვა არაა, რომ პატრონი სჭირდებოდეს“

2019-03-14 10:56:52
431

ნახევარ საუკუნეზე მეტხანს სრულიად უპატრონოდ იყო დარჩენილი საქართველო: 1867 წელს ოდიშის სამთავროს გაუქმებიდან 1918 წლის 26 მაისამდე იურიდიულად არ არსებობდა არც ერთი ქართული სახელმწიფო და ქართული ხელისუფლება!

1811-დან 1917-მდე არ არსებობდა ქართული საპატრიარქო და ქართულად წირვაც კი იკრძალებოდა! 

გურულს, იმერელს, ქართველს, მეგრელს, აჭარელს, სვანს, აფხაზს, ხევსურს ცალ-ცალკე ერებად აცხადებდა რუსეთის იმპერია და 6 გუბერნია, ოლქსა და ოკრუგში ჰყავდა ადმინისტრაციულად გადანაწილებული ქართველობა და , მიუხედავად ამისა, არათუ არ გაქრა ჩვენი ერი და ჩვენი კულტურა, არამედ უფლის წყალობით სწორედ ამ დროს იშვნენ: ილია, აკაკი, ვაჟა, ფიროსმანი, ყაზბეგი, დავით კლდიაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, გალაქტიონი, ტიციანი, პოლიკარპე კაკაბაძე, დავით კაკაბაძე, გაბრიელ ქიქოძე, კირიონ საძაგლიშვილი, ამბროსი ხელაია, ზურაბ ავალიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, კოტე აფხაზი, ილია ოდიშელიძე, სტეფანე და სანდრო ახმეტელები............
მსგავსი მაგალითი უპატრონოდ დარჩენილი ერის არათუ არდაღუპვის, არამედ აღორძინებისა, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს: საუკუნეთა მანძილზე დევნილ-გაფანტულ ებრაელებს ჰყავდათ რაბინები, საუკუნეთა მანძილზე დაპყრობილ-უსახელმწიფო იტალიელებს ჰყავდათ რომის პაპი, ქართველებს აღარც ქართულად მლოცველი მღვდელი გვყავდა და აღარც ქართული კანონებით ქვეყნის გამრიგე ხელისუფალი, მაგრამ რაც უფრო გვშლიდნენ და გვანაწევრებდნენ მტრები, მით უფრო ვერწყმოდით ერთმანეთს, ვმტკიცდებოდით და ვხორციელდებოდით! საქართველო მონათა ხროვა არაა, რომ პატრონი სჭირდებოდეს! საქართველო საკუთარი თავის პატრონ, თავისუფალ ყრმათა და ქალთა კრებულია !ქართველთა წინამძღოლი შესაძლოა იყოს პირველი თანასწორთა შორის, თანაც პირველი სხვა ქართველების მსახურებასა და საქართველოს სადიდებლად თავგანწირვაში!

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი