პარლამენტში სამადაშვილმა და ციხელაშვილმა იკამათეს

2019-03-13 18:10:03
206

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ენმ–ის წევრი სალომე სამადაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეკამათდნენ.

„ქალბატონო ქეთევან, ირაკლი კვარაცხელია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია, მაგრამ ის არანაკლებ მსხვერპლია იმ პოლიტიკის, რომელსაც თქვენი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში მეშვიდე წელია ატარებს. რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა არც ერთ მკვლელობაზე დღემდე. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენი მოქალაქეების მკვლელობები გრძელდება.

სტატისტიკა, რომელსაც თქვენ აქვეყნებთ, ძალიან განსხვავდება იმ სტატისტიკისგან, რომელსაც რუსეთი აქვეყნებს“,– მიმართა ციხელაშვილს სამადაშვილმა.

საპასუხოდ ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისკენ თითის გამოშვერას ვერ მიიღებს.

„ის, რაც ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აგერ უკვე 10 წელია, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს. ქალბატონო სალომე, მე ვერც გავიზიარებ და არც მიმაჩნია მისაღებად, ასეთი მძიმე თემებით სპეკულირება მიუხედავად იმისა, რომ მესმის, ოპოზიცია ბრძანდებით. აქ თითის გამოშვერა და ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რაც შეიძლება ხდებოდეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის თვალსაზრისით, არ მიმაჩნია მისაღებად. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც რუსეთის მხრიდან ხორციელდება 2008 წლიდან. თუ არ ვცდები, მაშინ თქვენი პოლიტიკური ძალა ბრძანდებოდა ხელისუფლებაში. ამიტომ თითის გამოშვერას ხელისუფლებისკენ მე ვერ მივიღებ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა მინისტრს კონკრეტული მაგალითის დასახელება მოსთხოვა, როდესაც რუსეთს საქართველოს მოქალაქეების გატაცების გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია.

„რაზე მოუწია რუსეთს პასუხის გაცემა გასული წლების მანძილზე? ერთი შემთხვევა დამისახელეთ, რაზე მოუწია პოლიტიკური ფასის გადახდა? ჯობდა არ მოსულიყავით, ვიდრე მოსულიყავით და გეთქვათ, რომ თურმე პოლიტიზირებაა შეკითხვის დასმა? რატომ კლავენ ჩვენს მოქალაქეებს დაუსჯელად, ამაზე კითხვის დასმა საკითხის პოლიტიზირებაა? საერთოდ გესმით სად იმყოფებით და რა ხდება თქვენს თავს?“ - მიმართა სამადაშვილმა ციხელაშვილს.