სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ – კანონპროექტი

2019-03-13 14:42:27
305

სასულიერო პირებმა შესაძლოა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობა ვეღარ შეძლონ. შესაბამის ინიციატივას პარლამენტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სთავაზობს. 

როგორც სესიაშვილი განმარტავს, ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. 

სესიაშვილმა ორი ინიციატივა დაარეგისტრირა. მისი თქმით,  “პირველი ცვლილება იმ წვევამდელებს შეეხებათ, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური გადავადებული აქვთ“: 

„იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, სწავლის პარალელურად მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს, ისარგებლებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

მეორე ცვლილებით გაუქმდება ნორმა, რომლითაც პირები, რომლებიც არიან მღვდელმსახურები სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით. დღეისათვის ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს. პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად“.