"ელიავას ბაზრობა" თბილისის სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს"

2019-03-13 13:46:45
104

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "ელიავას ბაზრობაზე" დღეს არსებული ფორმით  სამშენებლო მასალების მიმოქცევა  მერიისთვის მიუღებელია.

„ერთ-ერთი ლოკაცია არის ელიავას ბაზრობა. ამ რეგულაციების დაკავშირება იმასთან, რომ ელიავას ბაზრობა გადაგვაქვს, არასწორია. ამ ბაზრობის გადატანა-არგადატანაზე შეიძლება მსჯელობა. ამაზე პოზიციას მე ვერ დავაფიქსირებ, თუმცა მსჯელობას საერთოდ არ ექვემდებარება ის, რომ როგორც ხდება სამშენებლო მასალის მიმოქცევა ქალაქის მასშტაბით, ეს მიუღებელია. ჩვენი ინიციატივა სამშენებლო მასალების, მეორადი საბურავების, ფეთქებადი და საშიში ნივთიერებების რეალიზაციის და განთავსების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით სწორედ ჰაერის დაბინძურების პრევენციას ემსახურება“, - განაცხადა მან.

ხმალაძემ კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაცია განმარტა და აღნიშნა, რომ თავად მუნიციპალიტეტები დაადგენენ კონკრეტულ ადგილებს, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქციის განთავსება-რეალიზაცია აიკრძალება.

„ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ადგილებს, სადაც აიკრძალება სხვადასხვა სახის პროდუქციის განთავსება-რეალიზაცია. ასევე, დაადგენენ თუ როგორ და რა ფორმით მოხდება პროდუქციის განთავსება, მაგალითად, ამტვერებადი მასალები განთავსდეს დახურულ სივრცეში, დაიტვირთოს სატრანსპორტო საშუალებებში დახურულ სივრცეში, მოხდეს გადაზიდვა დახურულად და ა.შ.", - განმარტა მან.

ხმალაძის თქმით, დღევანდელი თბილისის სტანდარტებს ელიავას ბაზრობა ვეღარ აკმაყოფილებს და ამის დარეგულირება მერიის საქმეა.