კალაძე თანაგუნდელს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს

2019-03-13 13:13:52
97

პარლამენტარ ბექა ოდიშარიას თაბორის #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სხვა, ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თუმცა, როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, სად და რა მიწის ნაკვეთს მიიღებს ოდიშარია საკუთრების სანაცვლოდ.

ვიცე-მერმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ოდიშარიას აღნიშნულ მიწის ნაკვეთში 11 მილიონი დოლარი შეიძლება, შესთავაზონ.

„მეეჭვება ეს თანხა ღირდეს, არ არის ასეთი დიდი მიწის ნაკვეთი. ეს შეუძლებელია. 3000 კვადრატული მეტრიც არ არის. ბიზნესგეგმის მიუხედავად, არა მგონია, თბილისში გვქონდეს ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელიც 11 მილიონ დოლარად შეიძლება შეფასდეს, მეეჭვება. ამ მიწაზე არაფერი არ არის განთავსებული და ცარიელი მიწა ამ ღირებულებას არ ექვემდებარება, ამის ნახევარიც არ იქნება“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, თაბორის #1-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე თაბორის #1-ში სასტუმროს აშენება მისაღები არ არის.