ვატიკანის ყოფილ ხაზინადარს პედოფილიისთვის 6 წელი მიუსაჯეს

2019-03-13 11:44:05
100

მელბურნის [ავსტრალია] სასამართლომ 77 წლის კარდინალ ჯორჯ პელს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისთვის 6–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ვერდიქტი მოსამართლეებმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოიტანეს, თუმცა განაჩენი დღეს გამოცხადდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კარდინალი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 1996 წელს პელი, რომელიც იმხანად მელბურნის არქიეპისკოპოსი იყო, საქალაქო ტაძარში სისტემატიურად ძალადობდა საეკლესიო გუნდის წევრ 2 ბიჭზე. თავად კარდინალი ბრალეულობას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები მსხვერპლთა ფანტაზიის ნაყოფია.

ჯორჯ პელი ყველაზე მაღალი რანგის კათოლიკე სასულიერო პირია, რომელიც სექსუალურ ძალადობაში სცნეს დამნაშავედ. 2014 წლიდან იგი ვატიკანის ხაზინადარი და რომის პაპის მრჩეველი გახლდათ, რის გამოც ამ სახელმწიფოში მესამე პირად იხსენიებდნენ.

გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში რომის პაპმა ფრანცისკმა თავის არაფორმალურ კაბინეტს 3 კარდინალი ჩამოაშორა. მათგან 2–ის, მათ შორის ჯორჯ პელის მიმართ არსებობდა ეჭვები სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობის თაობაზე.

მთელს მსოფლიოში კათოლიკური ეკლესია ბოლო წლებში ბრალდებების მთელს წყებას შეეჯახა, რომელიც სასულიერო პირთა მხრიდან სექსუალურ ძალადობასა და ვატიკანის მიერ ამ შემთხვევების მიჩქმალვას უკავშირდებოდა. საკანდალი გასული წლის აგვისტოში პენსილვანიის დიდი ჟიურის ანგარიშის გამოქვეყნებით დაიწყო. დოკუმენტის თანახმად, კათოლუკური ეკლესიის მსახურები 70–ზე მეტი წლის განმავლობაში ამა თუ იმ გზით ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის სექსუალურ დანაშაულებს 1000–ობით ბავშვის წინააღმდეგ.