აშშ საქართველოს და უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის

2019-03-12 14:35:46
374

აშშ გეგმავს, გაზარდოს იმ სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, რომლებიც სხვა სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს. ამაზე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 საფინანსო წლის ბიუჯეტის პროექტი მეტყველებს.

დოკუმენტის თანახმად, აშშ უცხოელი სამხედროების სწავლების პროგრამაზე 100 მილიონი დლარის დახარჯვას გეგმავს, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 5 მილიონით აღემატება. ამ თანხიდან 26,4 მილიონი ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს „რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ გაეგზავნებათ და ამ პროგრამით დახმარებას საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი მიიღებენ.

მეორე პროგრამისთვის – „უცხოელი სამხედროების დაფინანსება“ – სახელმწიფო დეპარტამენტი წელს 23,9 მილიონი დოლარით მეტ თანხას ითხოვს. აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის ამ დახმარებას მიიღებენ საქართველო, უკრაინა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. თანხა მოხმარდება იმ ქვეყნების გადაიარაღებას, რომლებიც რუსულ იარაღზე უარის თქმას გეგმავენ.