ვიდეო ▶ ოკუპანტები ახალი მიწების მიტაცებას გეგმავენ: ანტისაოკუპაციო მოძრაობა ლოკაციას იცვლის

2019-03-12 12:15:41
504

ოკუპანტები ხურვალეთში ახალი მიწების მიტაცებას გეგმავენ,– ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ერთ–ერთი ლიდერი დავით ქაცარავა ადგილობრივ მოსახლეზე დაყრდნობით აცხადებს.  მოგეხსენებათ,  ხურვალეთი ოკუპანტებს სადღეისოდ ორდ აქვთ გაყოფილი. ფაქტობრივად, შუაგულ ხურვალეთში რუსმა სამხედროებმა „სათვალვალო კოშკურა“ რამდენიმე კვირის წინ აღმართეს,  მოსახლეობა კი მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ცხოვრობს.

როგორც ადგილობრივი მკვიდრი დავით ხუროშვილი ამბობს, ოკუპანტებმა სამიზნედ ამჯერად მისი ბაღი გაიხადეს.

„როგორც უნდათ ისე მოძრაობენ და აკონტროლებენ ჩვენს კუთვნილ ტერიოტორიას. ჩვენმა ბიჭებმაც რა ქნან, ესროლონ? მაშინ ხომ ომი ატყდება. ესენი კიდევ უნამუსოდ გადადიან და გადმოდიან. რამდენიმე დღის წინაც იყვნენ ჩემს ბაღში. მათ მიერვე გაკეთებული მავთულხლართები გადასწიეს და გადმოვიდნენ. მე პირუტყვი მომყავდა, ვიფიქრე, დაკავების შემდეგ ფულს ვინ გადამიხდის–მეთქი და გავიქეცი. შორიდან დავუძახე, ჩემს ბაღში რატომ ხართ–მეთქი? მითხრეს, აქ სასაზღვრო ზოლი გადისო“,– ყვება ხუროშვილი.

როგორც გაირკვა, ხურვალეთში დილით დაძაბული ვითარება იყო: ადგილობრივების ცნობით, დილიდან ერთ–ერთ სიმაღლეზე მობილიზებულნი იყვნენ ოსი „ომონელები“ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ  ადგილობრივებს. ადგილზე დილიდანვე იყო მობილიზებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიური მოძრაობა შეინიშნება, რაც შედარებით უჩვეულო აქტიურობაა“,– ამბობს ქაცარავა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ხურვალეთში გამაგრება გადაწყვიტა. ამასთან, ისინი აპირებენ, რომ ხუროშვილის ბაღი დაამუშაონ და მოხალისეებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მიწა არ მივატაცებინოთ ოკუპანტებს, ისევე როგორც ეს გაკეთდა ატოცში, ჩორჩანაში – ჩორჩანის ტყე დღეს მთლიანად არის გათავისუფლებული რუსი ოკუპანტებისგან. ისინი ვერ შემოდიან ამ ტყეში. ვგეგმავთ, ოკუპანტებს ამ ბაღში ყველანაირი შეფერხება შევუქმნათ: ჩვენი მოძრაობა პარასკევს ჩამოვა ამ ბაღში და დაამუშავებს. ჩვენ ხელში გვექნება იარაღი, მაგრამ მშვიდობიანი: თოხი, ბარი, ფოცხი, ნაჯახი, „დრუჟბა“. ამ იარაღებით დავუდგებით ოკუპანტებს და ვაჩვენებთ, რომ  არ გვეშინია აქ ყოფნის, რომ ჩვენს მიწას არ დავუთმობთ, არ მივცემთ უფლებას, დააშინონ ჩვენი მოსახლეობა და ამყოფონ ფსიქოლოგიურ ტერორში“,– ამბობს ქაცარავა.