ზვიად გაბისონია DAAD-ისა და DFG-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

2019-03-11 16:54:11
117

მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, ბონში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის კვლევითი ფონდის (DFG) ხელმძღვანელობას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, ფონდსა და DAAD-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი (Memorandum of Understanding), რომელიც გულისხმობს ახალი პროგრამის - “მობილობის პროგრამა ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისთვის” (PPP Programmes for Project-Related Personnel) განხორციელებას. პოსტსაბჭოთა სივრციდან საქართველო იქნება პირველი სახელმწიფო, რომელთან ერთადაც DAAD აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს.

გარდა ამისა, ფონდის გენერალური დირექტორი შეხვდა DFG-ს წარმომადგენლობას. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის განხორციელებასა და ერთობლივი ბილატერალური პროგრამების დაგეგმვაზე. გერმანიის კვლევითი ფონდის წარმომადგენლების მხრიდან ფონდში ვიზიტი იგეგმება მიმდინარე წლის სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც ისინი წარმოადგენენ DFG-ს სამეცნიერო პრიორიტეტებსა და დაფინანსების სქემებს. DFG-ს წლიური ბიუჯეტი 3,2 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება ყველა სამეცნიერო მიმართულება.

(R )