"მზად ვართ, საარჩევნო პერიოდში სკოლებში ინსპექტირება არ განხორციელდეს, თუ საკითხს პარლამენტის მხარდაჭერა ექნება"

2019-03-11 15:36:11
71

განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, რადგან ჩნდება კითხვები სკოლებში ინსპექტირებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მზადაა, საარჩევნო პერიოდში ამ პროცედურაზე უარი თქვას, თუმცა ამას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

"ინსპექტირება, აუდიტი - ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება, მაგრამ რადგან ასეთი პოლიტიკური ეჭვები მაინც არსებობს, მე პარლამენტში სტუმრობის დროს დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, რომ დეპუტატებმა, პოლიტიკოსებმა იმსჯელონ. მომავალში კითხვები რომ არ ჩნდებოდეს, მზად ვართ, საარჩევნო პერიოდში სკოლებში ინსპექტირება არ განხორციელდეს, თუ საკითხს პარლამენტის მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტი. საია-ს განცხადებით, 2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებული ინსპექტირება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ინსპექტირების მექანიზმი საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით გამოიყენეს. 

კერძოდ, საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. 

"მნიშვნელოვანია, რომ აქედან ექვსი - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა",– აცხადებენ ორგანიზაციაში.