ყვავილების მკრეფავი ქალები და მათი ისტორიები

2019-03-08 20:10:10
205

ბნავისის ტყეში გამთენიისას დასთან ერთად წავიდა. ყვავილების კრეფით ციცაბო ფერდობს შეუყვნენ. ტყეში იმდენი ყოჩივარდაა, ყველას დაკრეფას ვერ შეძლებენ. დები ჩქარობენ, სწრაფად უნდათ საქმე მოითაონ, რომ დილის ავტობუსს მიუსწრონ და ქალაქისკენ გამოემგზავრონ. კონებად შეკვრა ადგილზეც შეიძლება, ამიტომ დროს იქ აღარ კარგავენ და ციცაბო ფერდობიდან ქვევით, სოფლისკენ ეშვებიან. მოულოდნელად ქრისტინეს ფეხი ამოშვერილ კლდის ლოდზე უცურდებადა გორდება. ფერდობის ძირში ერთ-ერთ ხეს ეჯახება და მხოლოდ ეს აჩერებს. მარჯვენა ხელზე საშინელ ტკივილს გრძნობს. მალე მაჯის ზემოთ კიდური გასიებას იწყებს, მაგრამ 81 წლის მოხუცი მაინც არ ეპუება. ავტობუსს მიუსწრეს და დაკრეფილი ყვავილები გორში იუსტიციის სახლის წინ გასაყიდად გაფინეს. ქრისტინე ახალაშვილი მტკივნეულ ხელს შალის ქვეშ მალავს. ტკივილი სულ უფრო ძლიერდება.

მყიდველი ცოტაა. ყვავილებიც ჭკნება.

მარტოხელა მოხუცი დასთან ერთად სოფელ ბნავისში ცხოვრობს. ორი შვილი და მეუღლე დაეღუპა.ახლა თავს ნაზუქებისა და ყვავილების გაყიდვით ირჩენს. 8 მარტი მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა. „მე ის მიხარია, რომ მალე მივიდე სახლში, დავასვენო ძვლები და წამოვწვეო“.

„ძალიან ძნელია, გადმოვგორდი კლდიდან და კინაღამ მოვკვდი, ხემ დამიჭირა. აბა, რა არის ჩემი სიცოცხლე. ორი ბიჭი მყავდა და აღარც ერთი აღარა მყავს. ვარ დასთან შეხიზნული ბნავისში. აღარც იმასა ჰყავს მეუღლე და აღარც მე და ასე ერთადა ვართ და ასე ვეწვალებით და ვედაგებით. წამლებიც გაძვირდა, ძალიან მაგრად მტკივა. მე ის მიხარია, რომ მალე მივიდე სახლში და დავასვენო ძვლები და წამოვწვე. აბა, რა მიხარია, აღარაფერი მიხარია“, - ამბობს ქრისტინე ახალაშვილი და თვალზე ცრემლი არ აშრება.

70 წლის სოფიო ხომასურიძემ ყოჩივარდები სოფელ მეჯვრისხევიდან ჩამოიტანა. მეჯვრისხევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ოსურ სოფელ ღრომს ესაზღვრება. იქვეა სოფლის სასაფლაო, სადაც ორი დღეა მეჯვრისხეველი ქალები ყვავილებს სარვამარტოდ აგროვებენ. საქმე რთულია, წელში მოხრილები ან მიწაზე დაჩოქილები კრეფენ. მიწა ჯერ სველია, ამიტომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამას ისიც ემატება, რომეს ტერიტორია გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ქალები საკუთარი რისკის ფასად იქ მაინც მიდიან. გაჭირვებამ მიგვიყვანა ამ დონემდეო, ამბობს სოფიო.

 „რთულია, შვილო, ძალიან რთულია. მუხლიჩიქა ვდგევარ, ხან დავჯდები. ძალიან რთულია. ახლა მე ასაკშიც ვარ, თან გულის ოპერაციაცა მაქვს გაკეთებული და მაინც ვეწვალები. მა რა ვქნა, აბა?! ახლოს ვართ ღრომთან, სასაფლაოები გვაქვს იქვე და მინდორი. გვეშინია, მაგრამ მაინც ავდივართ“.

საოკუპაციო გამყოფი ხაზის კიდევ ერთ სოფელში, ჩორჩანაში, ქალებმა ყვავილები 7 მარტს თოვლში დაკრიფეს. სოფელ ჩორჩანაში შიშობენ, რომ შესაძლოა შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. მინდვრებს, სადაც ადრე გასაყიდ ყვავილებს კრეფდნენ, მავთულხლართებით შემოღობვა ემუქრება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან 100 მეტრში მდებარეობს, „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ ადგილობრივებთან ერთად აქცია გამართა.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის ტყე და მინდვრები ერთ-ერთი საარსებო წყაროა. თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა ხეებზე ტყეში ყვითელი ნიშნულები გააკეთეს. შესაძლოა აქ მავთულხლართების ახალი ღობე გაჩნდეს.

ჩორჩანა პატარა სოფელია, იქ სულ 16 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში ინფრასტრუქტურა მოშლილია და ხალხს თავის გატანა ძალიან უჭირს. მინდვრებში ადგილობრივი ქალები ყოჩივარდებს აგროვებენ და 3-8 მარტს ხაშურში გასაყიდად მიაქვთ. ცენტრის განცხადებით, განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ყვავილების მოგროვება ადგილობრივებისთვის შესაძლოა განსაკუთრებით სახიფათო გახდეს. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკიმ ბიზნესმენების დახმარებით ჩორჩანელ ქალებს ამ დღეს სიურპრიზი მოუწყო.

 

„როგორც კი შევიტყვეთ ეს ამბავი, დავგეგმეთ, რომ ამ ქალებისგან შევისყიდიდით ამ იებს. ამის გაყიდვაც კი რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩორჩანადან გზა არის ცუდ მდგომარეობაში და ხაშურში უნდა ჩასულიყვნენ დიდ გზაზე. შემოვიამხანაგეთ ერთ-ერთი ბიზნესსტრუქტურა და ყვავილების შეძენასთან ერთად სხვა საჩუქრებიც ჩავუტანეთ: სასოფლო-სამეურნეო იარაღები და ტკბილეული ბავშვებისთვის, საკანცელარიო ნივთები, რვეულები და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ამ დღემ ამ ქალებს ცხოვრება გაუხალისა და, მეორე,თვითმმართველობამაც გარკვეული ყურადღება მიაქცია. ვფიქრობ, ეს სტიმული, რომელიც ჩვენ ყველამ, საზოგადოება, ერთმანეთს უნდა მივცეთ მაგალითის სახით, პოზიტიურად აისახება ამ ქალების ცხოვრებაზე და მეტი ყურადღება მიექცევა ასეთ რეგიონებს, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან“, - აცხადებს ელენე რუსეცკი.

​გორის ქუჩებში დღეს სტუდენტებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ყოჩივარდები სწორედ იმ ქალებისგან შეიძინეს, რომლებმაც დიდი შრომის ფასად ეს ყვავილები ტყეებში და მდელოებზე დაკრიფეს. გორის უნივერსიტეტის სტუდენტები ქუჩაში ქალებს აჩერებდნენ და ამ ყვავილებით ასაჩუქრებდნენ. ნინო კაბულაშვილი ამბობს, რომ მათ არც სოფლად მცხოვრები ქალები დავიწყებიათ.

 

8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, საქართველოში ქალების ნაწილისთვის ისევ დიდი შრომის ფასად ლუკმაპურის ძიების დღეა და ის არაფრით განსხვავდება სხვა დღეებისგან.

წყარო: "რადიო თავისუფლება"