ქართველმა სამხედროებმა „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებზე 34 მედალი მოიპოვეს

2019-03-08 18:00:33
123

ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს გუნდმა მჯდომარე კალათბურთის ფინალში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

წარმატებით იასპარეზა ვიცეპოლკოვნიკმა ალუდა სეთურიძემაც ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში. მან 1 და 4-წუთიან შეჯიბრში ორი ოქროს მედალი აიღო.

პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე საერთაშორისო თამაშები 24 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით იმართება. 

ქართველების ანგარიშზე ამ დროისთვის 34 მედალია. მათ შორის ველოსპორტში - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი, მშვილდით სროლაში - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი, ეტლით სირბილში - 4 ოქრო, შაშხანით სროლაში - 1 ბრინჯაო და პისტოლეტის სროლაში - 1 ბრინჯაო.

ქართველები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა გაიარა.