საქართველოში ხვალიდან დათბება: 8–11 მარტის ამინდის პროგნოზი

2019-03-07 20:27:59
549

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 10, +15 გრადუსი იქნება. 

უწყებისვე ცნობით, 9-10 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +15, +20 გრადუსამდე გათბება. 11 მარტს სითბოს ფონზე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. 

 რაც შეეხება უშუალოდ თბილისს, 7 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 8 მარტის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, საღამოს და ღამის საათებში იწვიმებს, ხოლო 8-11 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7-9 მარტს +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 10-11 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.