მამუკა ბახტაძე: „ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ“

2019-03-07 12:09:23
49

სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო დაიბრუნებს კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო კერის ფუნქციას, გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში და გაუწევს კონკურენციას მოწინავე ქვეყნებსაც, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალ ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენისას.

„როდესაც ჩვენს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდობას შეექმნება საკუთარ სამშობლოში ევროპული სტანდარტის, უწყვეტი და თანმიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დასაქმების პრობლემა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და ბევრი სხვა სოციალური კატაკლიზმი გაქრება, რადგან მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ არც ერთი ასეთი ნეგატიური ფენომენი არ არის თავსებადი განათლებული, განსწავლული და განვითარებული საზოგადოებისთვის.

დღევანდელ ქაოსურ და არეულ დროებაში, ტურბულენტურ და სწრაფად ცვალებად სამყაროში, ხშირად, არასამართლიან სამყაროში, წარმოუდგენელია გზის გაკვლევა ისეთი მძლავრი იარაღის გარეშე, როგორიც ევროპული სტანდარტების ცოდნაა. შესაბამისად, სახელმწიფოს უმაღლესი ლეგიტიმური მიზანია, უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, მისცეს ცოდნის დაუფლების თანაბარი შესაძლებლობა ყველა ნიჭიერ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და როგორი შეძლების ოჯახშიც არ უნდა იყოს იგი დაბადებული და გაზრდილი. დღეს ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ, რომ საქართველო გაიცნო მსოფლიომ, როგორც უნიკალური კულტურის ქვეყანა“,- განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მალე საქართველოს ხელახლა აღმოაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას.

„მე გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას! განათლების ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი!“

როგორც მინისტრი ამბობს, ხელისუფლება ქვეყნის დოვლათის 6%–ს განათლების სფეროს ტრანსფორმაციისკენ წარმართავს.