Google-მა დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას გამოფენა მიუძღვნა

2019-03-06 15:06:45
120

ხელოვნების სასახლისა და Google-ის მორიგი ერთობლივი პროექტი მსოფლიო აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს.

პროექტი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა, Google Cultural Institute-ის პლატფორმაზე დღეს განთავსდა.

დავით კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი მხატვარი და გამომგონებელია, რომელსაც პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი იხილავს.

„დავით კაკაბაძე: ექსპერიმენტები ხელოვებასა და ტექნოლოგიაში“ (David Kakabadze: experiments with art and technology) - ასე ეწოდება იმ ვირტუალურ გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებისა და კოლექციების ბაზაზე მომზადდა და 14 სლაიდს მოიცავს.

ვირტუალური ტური 1922 წელს დავით კაკაბაძის მიერ გამოგონებული სინემატოგრაფის შესახებ მოგვითხრობს. 

კავკასიიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო-საგამოფენო პროექტში იღებს მონაწილეობას.

ვირტუალური გამოფენა ხელოვნების სასახლის მიერ მომზადდა და მუზეუმის მიერ ვირტუალურ სივრცეში განთავსებული რიგით მეშვიდე ექსპოზიციაა.