“ოპოზიციის აყოლას, დასავლელი პარტნიორების რჩევით რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გაგრძელებას ვამჯობინებთ”

2019-03-02 20:22:36
637

საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის მოსმენას, დასავლელი პარტნიორების პოზიციის გათვალისწინებასა და პრაღის ფორმატში რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გაგრძელებას ამჯობინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ “აბაშიძე-კარასინის” ფორმატის მოწინააღმდეგეთა კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა .

4 მარტს დიპლომატს საქართველოს პარლამენტში ელიან: ზურაბ აბაშიძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გრიგორი კარასინთან 27 თებერვლის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრებს, ასევე ზოგადად “აბაშიძე-კარასინის” ფორმატის ფარგლებში გაწეულ მუშაობასა და მის შედეგებს შეაჯამებს.

გარდა ამისა, აბაშიძე დეპუტატებთან “ტვირთბრუნვის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ” რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმებაზე ისაუბრებს.

ბოლო პერიოდში ოპოზიციამ ხსენებული ფორმატისა და მასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებების კრიტიკა გაააქტიურა. ისმის “აბაშიძე-კარასინის” ფორმატის გაუქმების მოთხოვნაც.

"აბაშიძე-კარასინის” ფორმატის შექმნის დღიდან ვამბობთ, რომ ეს მავნებლობაა. მმართველი პარტია "ქართული ოცნება” ცდილობდა, ეს ასე აეხსნა: მოლაპარაკებებს არაფორმალური ხასიათი აქვს, თანაც სიახლეებს მაინც შევიტყობთო. რეალურად, ეს მავნებლობაა, რადგან ამ ფორმატში რუსეთთან პირისპირ ვიმყოფებით და რის შესახებ მიდის იქ საუბარი, - ეს არა მარტო ჩვენ და საზოგადოებამ არ იცი, არამედ საგაეო საქმეთა სამინისტრომაც კი! უკვე ის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებათა ეს ფორმატი დახურულია, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შეიცავს", - განაცხადა პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა გიგი უგულავამ.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ “აბაშიძე-კარასინის” ფორმატი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან ურთიერთობის “პირადი არხია” .

გრიგორი კარასინის მიერ პრაღის ბოლო შეხვედრის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებამ - “მთელი შეხვედრის ტონალობა ერთ სავაზნეში იყო იმასთან, რის შესახებაც ჩემთან შეხვედრამდე ზურაბ აბაშიძემ თბილისში ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრაო” - ოპოზიციას დამატებითი საბაბი მისცა ივანიშვილის “არაფორმალურ მმართველობაზე” და “რუსეთთან კონტაქტის პირად არხზე” სასაუბროდ.

ხოლო კარასინის კიდევ ერთმა – მუქარანარევმა განცხადებამ ”არასასიამოვნო სიურპრიზების” შესახებ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და რიგ ექსპერტებსაც გაუჩინა ეჭვი, რომ “ივანიშვილი დასავლელ პარტნიორებსა და რუსეთს ურთიერთგამომრიცხავ დაპირებებს აძლევს” და კარასინის ეს განცხადება ნიშნავდა შემდეგს: “ჩვენ ვიცით, რაზე ესაუბრებით აშშ-ს, ჩვენთვის სხვა დაპირება გაქვთ მოცემული და ამგვარი ქცევის შედეგების შესახებ გაფრთხილებთო”. ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის თემამაც გაიჟღერა.

თუმცა ზურაბ აბაშიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას მსგავს მოსაზრებებს “მცდარი” უწოდა:

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ თუ რუსეთთან პირდაპირ კომუნიკაციას შევწყვეტთ, ამით რამე გადაწყდება და რუსეთი უკეთესად მოიქცევა, ძალიან ეშლებათ. ეს ასე არ მოხდება. ვფიქრობ, მოხდება პირიქით".

მისი განცხადებით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებული ფორმატისა და იმ საკითხების შესახებ, როელიც პრაღაში განიხილება”.

"ხშირად გვსმენია, რომ დასავლეთი მხარს უჭერს რუსულ მხარესთან ამ კომუნიკაციასა და ჩვენს მცდელობებს, შეძლებისდაგვარად გადავჭრათ პრობლემები, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელია. ჩვენ საქმის კურსში ვართ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების უარყოფითი დამოკიდებულების შესახებაც. ამგვარად, ჩვენს წინაშეა არჩევანი: ან ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევებს მივყვეთ, ან ჩვენი ოპონენტებისას, რომელთაც რუსეთთან ურთიერთობების ძალიან ცუდი გამოცდილება აქვთ იმ დროიდან, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ", - დასძინა აბაშიძემ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა საქართველოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს ახალმა მმართველმა ძალამ - “ქართულმა ოცნებამ” რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, მისმა ლიდერმა - იმხანად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში თავისი წარმომადგენლის თანამდებობა შემოიღო და ამ პოსტზე ზურაბ აბაშიძე დანიშნა.

აბაშიძე-კარასინის” სახელით ცნობილი შეხვედრები, რომელიც პერიოდულად პრაღაში იმართება – ეს ქვეყნებს შორის არაფორმალური დიალოგია. მისი დღის წესრიგი უმთავრესად სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განხილვას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატშიც ხორციელდება. თუმცა პრაღის შეხვედრებისგან განსხვავებით, იქ მოლაპარაკებებს საქართველოს საერთაშორისო  პარტნიორებიც ესწრებიან და თბილისი მოსკოვთან პირისპირ მარტო არ რჩება.

სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ყალიბდება თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის კიდევ ერთი პლატფორმა - საექსპერტო დონეზე. ამ დღეებში ქალაქ ვენაში ახალი სადისკუსიო ფორმატის – „სამკუთხედი: საქართველო, რუსეთი, დასავლეთი“ ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „Partnership for Social Initiatives“ მიერ უსაფრთხოების საკითხებისა და ევროპის კვლევის ავსტრიულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ მიიღო მონაწილეობა.

„ჯერ–ჯერობით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რიგი სერიოზული პრობლემების გამო საქართველო თითქოს გაჭედილია. ამის მიზეზი, უპირველესად, რუსეთთან კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიებია, ასევე კრიზისი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საქართველოზეც უარყოფითად აისახება. ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ, თუ საექსპერტო დონეზე არ ვისაუბრებთ. და, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდებით ჩვენი დასავლელი მეგობრების გარეშეც. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი: საქართველოს, ცხადია, არ აქვს ამბიცია,  დასავლეთსა და რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, მაგრამ ეს ფორმატი არა მარტო რუსებსა და ქართველებს მისცემს შესაძლებლობას, იურთიერთონ, არამედ რუსეთსა და დასავლეთს შორის დიალოგის შესაძლებლობასაც შექმნის. ჩვენი ფორმატის ძირითადი საკითხია  რუსეთ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები რუსეთ–დასავლეთის ურთიერთობების გათვალისწინებით. შესაბამისად, ეს ჩვენი შეხვედრების მთავარი თემაა. დიალოგის გარეშე ვერაფერს გავხდებით, და თუ ჩვენი მიზანი დეოკუპაციაა, რუსეთთან საუბრის გარეშე შანსები ნულოვანია. თუ რუსეთს დაველაპარაკებით, ეს შანსი შესაძლოა, გაჩნდეს. ასე იმას მაინც დავადგენთ, რისი მიღწევა სურს რუსეთს ჩვენგან. ამის გაგების გარეშე სწორ საგარეო პოლიტიკას ვერ ჩამოვაყალიბებთ. [...] აფხაზებს დავცინით, როდესაც ქართველებთან კონტაქტებს თავს არიდებენ... არანაკლებ სასაცილოა, როდესაც ჩვენი ქვეყანა წელიწადში 1,5 მლნ რუს ტურისტს მასპინძლობს და ეს არ გამოვიყენოთ. როდესაც ადამიანურ დონეზე ურთიერთობები უმჯობესდება, ეს ეროვნულ ინტერესებში უნდა გამოიყენო. ამიტომაც არის საჭირო საუბარი“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. 

რაც შეეხება საკუთრივ პირველ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, მისი თქმით, „რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს ის საფრთხეები, რომელსაც საკუთარი თავისთვის დასავლეთი ხედავს და პირიქით“:

„ამისათვის ყველა დონეზე მეტი კომუნიკაციაა საჭირო. მოგეხსენებათ, არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი თვლის, რომ „ოღონდ საქართველო რუსეთს არ ეომოს და ამისათვის ნებისმიერ სცენარს შეიძლება, დასთანხმდე“. თუმცა ასე შორს ვერ გავფრინდებით. ამ კატეგორიას NATO-სა და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების გაყინვა სურს, ოღონდ საქართველო რუსეთთან ურთიერთობებში პრობლემებს არ უქმნიდეთ. უმთავრესად ევროპელებს შორის არსებული მსგავსი განწყობების დასაძლევად ჩვენ უნდა ვახდენდეთ პარტნიორებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთთან ომს არ ვაპირებთ, მზად ვართ, ჩვენი ინტერესების დაცვით ნორმალური დიალოგი ვაწარმოოთ და ისინი ამა თუ იმ საკითხში ცივილიზებულად ვარწმუნოთ. ამ მიმართულებით მეტი ძალიხმევის გაწევა გვმართებს“.

პირველი შეხვედრა ჩეთემ ჰაუსის წესით, არაფორმალურ გარემოში გაიმართა. შარაშენიძის თქმით, არსებობს მზაობა, შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღოს და დიდი ალბათობით, ისინი სამომავლოდაც ვენაში ჩატარდება.

მომდევნო შეხვედრა აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ორგანიზატორებს მასში ამჯერად ამერიკელი პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების ჩართვაც სურთ.