გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება

2019-03-01 13:55:02
116

გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელში სახლ-მუზეუმისთვისორსართულიანი შენობა აშენდება, სადაც მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე განთავსდება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

გოდერძი ჩოხელი ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, სცენარისტი და კინორეჟისორია. ის გუდამაყარში, სოფელ ჩოხში 1954 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა.

გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“ და რომანები: „მგელი“, „მღდვლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“ და „სულეთის კიდობანი“.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი. მწერალი 2007 წელს გარდაიცვალა.