„გვაქვს პოლიტიკური ნება და საქართველო და აზერბაიჯანი მომავალშიც მხარს დაუჭერენ ერთმანეთს“

2019-02-27 13:39:08
116

ჩვენს თანამრომლობას დიდი პერსპექტივები აქვს. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება და საქართველო და აზერბაიჯანი მომავალშიც მხარს დაუჭერენ ერთმანეთს,– განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

ალიევმა ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს გაუსვა ხაზი: 

„90-იანი წლების ბოლოს ბაქო-სუფსის აშენება იყო დიდი მოვლენა, ამით კი შესაძლებლობა მოგვეცა შავი და კასპიის ზღვები დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან. ამის შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი აშენდა, შემდეგ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ეს ყველაფერი კი ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. დღეს ეს პროექტები ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას აძლიერებს და ამ მარშრუტით დღეს სამხრეთ გაზის კორიდორი წარმატებით რეალიზდება. ეს კი რეგიონში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია. გასულ წელს მოხდა მისი ოფიციალური გახსნა, ძირითადი ნაწილი ექსპლუატაციაში უკვე გადაეცა. ყველა ეს პროექტი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ემსახურება ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას. თუ პროექტების დაწყების დროს სამი ქვეყანა - საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი თანამშრომლობნდნენ, ახლა შემოგვიერთდნენ სხვა პარტნიორებიც...იზრდება ტვირთების გადაზიდვა. ჯერ პირველ ეტაპზე ვართ, მაგრამ უკვე ვხედავთ მის სარგებელს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ აზერბაიჯანმა თავის მეზობლებთან მიაღწია შეთანხმებებს და შედეგად, ტვირთბრუნვა კიდევ გაიზრდება. ყველა სფეროში ჩვენს თანამრომლობას დიდი პერსპექტივები გააჩნია. ჩვენ გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, საქართველო და აზერბაიჯანი მომავალშიც მხარს დაუჭერენ ერთმანეთს, ვიფიქრებთ ახალ პროექტებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხალხებს და სახელმწიფოს დიდი მომავალი აქვს. დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია“, - განაცხადა ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ისაუბრეს განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანში მცხოვრები აზერბაიჯანელები და ქართველები დიდ როლს თამაშობენ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში.

 

„საქართველო და აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყნებია. ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ყველა ხალხების წარმომადგენლები თავს გრძნობენ კომფორტულად და ეს ჩვენი ქვეყნების დღევანდელი და მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ეთნიკურ ქართველებს, ეს მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებათ. მჯერა, გაეცნობით ამ რეგიონს და კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე“, - აღნიშნა ალიევმა.