საპატრიარქო დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

2019-02-26 15:09:43
350

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძეს ურჩევს, მის ხელთ არსებული დოკუმენტები გამოაქვეყნოს. ამასთან, ის მიზანშეწონილად მიიჩნევს, „ციანიდის საქმის“ მასალების განსაჯაროებასაც. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „აქცენტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და, ახლა უკვე, გაშლილი კარავიც… სწორედ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, ვისგანაც შუამდგომლობის მიღება სურდათ და სურთ.

ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს იმისა, რომ განვითრებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად; ამ აზრს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას, ძირითადად, ის ადამიანები იღებენ, რომელნიც ხშირად უპირისპირდებიან ეკლესიას და ყოველთვის ეძებენ მიზეზებს მისი დისკრედიტაციისათვის.

სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს.

ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია;

შევნიშნავთ იმასაც, რომ ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე (რომელსაც სკანდალურს უწოდებენ), პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, ჩვენი მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს.

ასევე მიგვაჩნია, რომ, სასურველია, გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მითუმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა.

იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და, გამონაკლისის სახით, ამ ნაბიჯს გადადგამენ“,– ნათქვამია განცხადებაში.

მოწოდებას უპასუხეს პროკურატურაში:

საქართველოს გენერალური პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების დეტალებს არ გაასაჯაროებს". 

„თუ კი ამ დანაშაულის მონანიებაში საპატრიარქო გულისხმობს იმას, რასაც ჩემს ძმას პროკურატურა ედავება და რაზეც მისჯილი აქვს, ამას ვერასდროს მიიღებენ“, - ამბობს დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, საპატრიარქო მამა გიორგის იმ შემთხვევაში უშუამდგომლებს, თუ ბრალდებული დეკანოზი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, თორნიკე მამალაძემ ასე უპასუხა: „მამა გიორგი უდანაშაულოა და იმ დანაშაულს არასდროს აღიარებს, რაც არ ჩაუდენია“.

"რაც შეეხება ეკლესიის დისკრედიტაციას, რაშიც დღეს დაგვადანაშაულეს, არაერთხელ მითქვამს, რომ აქ ჩემი დგომა არ არის ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ ჩემი ოჯახის წევრის დასაცავად არის, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პირად საუბრებში მამა ანდრიას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ მას ჩემი ესმის და ჩემს წინააღმდეგ არაფერი აქვს. ჩემს აქ დგომას თანამიგრძნობს. სამწუხაროდ, დღეს ამ განცხადებით ვხედავთ, რომ მე დისკრედიტაციაში მადანაშაულებენ. დარწმუნებული ვარ, ეს არც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განაცხადება იქნება. ეს არის იმ ადამიანების განაცხადება, რომლებიც ე.წ. ციანიდის საქმის უკან დგანან და რომლებიც დღემდე ცდილობს ჩემი ძმის საპყრობილეში გამოკეტვას", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.