რატომ უნაწყენდება აზერბაიჯანი საქართველოს

2019-02-25 20:40:52
722

ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობების ძველმა თემამ ბოლო პერიოდში მოულოდნელად აქტუალობა შეიძინა.   პირველი, რაც ქართულ–აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე საუბრისას თავში მოგდის, მრავალრიცხოვანი რეგიონული პროექტები, აზერბაიჯან–საქართველო–თურქეთის განვითარებადი სამმხრივი ფორმატი, საქართველოში აზერბაიჯანის საინვესტიციო აქტივობა (საქართველოში ინვესტიციების მოცულობით აზერბაიჯანი ლიდერობს), ხალხებს შორის ურთიერთობები და იმის აღქმაა, რომ გეოგრაფია ჯიუტი რამაა და ჩვენ ერთმანეთს ვერსად გავექცევით. ყველაფერი ეს ნამდვილად ასეა, თუმცა მუდმივმა საუბრებმა მხოლოდ პოზიტივზე უბრალოდ ჩაანაცვლა ფიქრი რეალურ პრობლემებსა და წინააღმდეგობებზე, - როგორც არსებულზე, ისე შესაძლებელზე, რომელიც ორ ნებისმიერ, მით უფრო მეზობელ ქვეყანას შორის შეუძლებელია, არ იყოს. ცნობილი ანდაზაა, „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“. ურემი, მთლად თუ არ გადაბრუნდა, გვერდისკენ აშკარად გადაიხარა. მიმდინარე მოვლენებზე და იმაზე, რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ ის, რაც ხდება, პირველ რეგიონულ ტელეპროექტ „დიდი თამაშის“ ავტორი და წამყვანი, პოლიტოლოგი გელა ვასაძე აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატ რასიმ მუსაბეკოვს ესაუბრა.

„აქცენტი“ ამ ინტერვიუს ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

[...] ბოლო პერიოდში გაჩნდა ტენდენციები, რომელიც პირადად მე, ცოტა არ იყოს, მძაბავს. რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი და რაშია საკუთრივ პრობლემა?  

–ხშირად მედია ყურადღებას იპყრობს პირველ პლანზე ფაქტობრივად არარსებული მოვლენების წამოწევით. ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომელსაც გულისხმობთ, მე, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანს დავამატებდი – საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის გაძვირებას. ვერავინ უარყოფს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს პარტნიორობა მართლაც სტრატეგიულია და განსაზღვრულია როგორც გეოგრაფიით, ისე ისტორიით. ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი ლოკალური მოვლენა ამას არ შეცვლის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოკიდებულებები, ხედვები, ინტერესები ყველა საკითხისადმი ერთმანეთს 100%–ით ემთხვევა. ჩვენს ქვეყნებს შორის ობიექტურად არსებობს გარკვეული საკითხებისადმი განსხვავებული მიდგომა და ეს ნორმალურია. ჩემი აზრით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ობიექტურად არსებული განსხვავებები, ინტერესთა უთანხმოება, ადრე – ედუარდ შევარდნაძის, ხოლო შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მჭიდრო პირადი, ნდობაზე დაფუძნებული, არ მოვერიდები ამ სიტყვას და მეგობრული ურთიერთობების წყალობით გვარდებოდა როგორც სახელმწიფოების პირველი პირების, ისე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მინისტრების დონეზეც. სადღეისოდ კი საკმაოდ მნიშვნელოვან ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამ დონის – პიროვნული, ნდობაზე დაფუძნებული კონტაქტები მხარეებს შორის დაკარგულია. და ისინი, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი,  არც მინისტრების დონეზეა მხარდაჭერილი.  ამის ერთ–ერთ მიზეზად შეიძლებოდა, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველოში მინისტრების ხშირი ცვლა ქცეულიყო, რაც მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ერთგვარად ხელს უშლის. ვფიქრობ, ჩამოთვლილი გარემოებები გარკვეულ დრამატიზმს სძენს იმ მოვლენებს, რომელიც კითხვის დასმისას იგულისხმეთ.

– დიახ. პიროვნებათა დეფიციტი ჩვენი ხელისუფლების რეალური პრობლემაა, თუმცა მე აქ კიდევ უფრო სისტემურ პრობლემას ვხედავ: თავის დროზე შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც ძალუძდათ გადაწყვეტილებების მიღება, დღეს კი გამოდის, რომ არავინ არის, ვისაც შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანული მხარე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად დაუკავშირდეს. ასეა?

–დიახ. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასეც ხდება.  ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელმძღვანელებისთვის რაღაც დისკომფორტს ქმნის, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ სერიოზულ დაღს ასვამს ორმხრივ სწრაფვას, მიუხედავად რიგ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენმა ურთიერთობებმა წინ წაიწიოს და კიდევ უფრო განვითარდეს. განვმეორდები, არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ურთიერთობები გაფუჭდეს იმდენად, რომ რომელიმე მხარემ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, მაგრამ ურთიერთნდობა და სითბო უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, განსაკუთრებით - მაშინ, როდესაც გარკვეული ფორსმაჟორული ვითარება იქმნება,  რომლის დროსაც საჭიროა, პარტნიორს დახმარებისთვის მიმართო. ვგულისხმობ ისეთ ვითარებას, როდესაც რაიმეს მოთხოვნის საფუძველი არ გაქვს, მაგრამ პირად ურთიერთობათა დონე გაძლევს უფლებასა და შესაძლებლობას, პარტიორს დაუკავშირდე და დახმარება სთხოვო, თან ისე, რომ სახე არ დაკარგო. როდესაც ურთიერთობებში მსგავსი სითბო იკარგება, ეს მხარეებს ამის შესაძლებლობას ართმევს. ღმერთმა არ მოგცეთ ფორსმაჟორული სიტუაცია, მაგრამ თუკი რომელიმე ჩვენგანს არ ექნება შესაძლებლობა, აიღოს ყურმილი, დარეკოს პარტნიორთან და უთხრას, „ძმაო, დამეხმარე“, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მინუსი იქნება ჩვენს ურთიერთობებში.

–თუმცა ხელმძღვანელი პირების პიროვნული ურთოერთობების გარდა, არსებობს საზოგადოებრივი ფონიც. რამდენად ემთხვევა ეს ფონი საქართველოსა და აზერბაიჯანში? მედიაში ხომ უამრავი უცნაური და, მე ვიტყოდი, მოულოდნელი რამ ვიხილეთ...

– ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებაში არსებობს ერთგვარი დომინანტა - „ჩვენ ფაქტობრივად, ერთ ნაბიჯში ვართ ევროპისგან“, აზერბაიჯანში კი, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარია, ევროპაში სწრაფვა მაინცდამაინც არ შეიჩნევა და გარკვეული თვალსაზრისით, გამოდის, რომ ჩვენი გზები იყოფა. [...] ჩემი აზრით, აზერბაიჯანი უფრო მყარად და რეალისტურად აფასებს ვითარებას და ორიენტირებულია არა ისეთ აბსტრაქტულ რაღაცეებზე, როგორიცაა, მაგალითად, „ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ“, არამედ იმ რეალობაზე, რომელშიც ვიმყოფებით, და ფიქრობს, ამ რეალურ ვითარებაში როგორ უზრუნველჰყოს განვითარებაც, უსაფრთხოებაც. ჩემი აზრით, ეს და სხვა გეოპოლიტიკური კოორდინატები განაპირობებს ჩვენი საზოგადოებების მსოფლმხედველობების განსხვავებულობას, რაც, მათ შორის, მედიაშიც ჰპოვებს  ასახვას.

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანულ საზოგადოებრივ აზრში  ჩამოყალიბდა ერთგავრი აღქმა, რომ საქართველო უგულებელჰყოფს არათუ აზერბაიჯანის ინტერესებს, არამედ იმ ზოგიერთ ფუნდამენტურ ფასეულობასაც, რომელიც თავად საქართველოსთვის უნდა იყოს, წესით, მნიშვნელოვანი. ასეთი აღქმაა, მაგალითად, ძეგლის ცნობილ ისტორიასთან დაკავშირებით. ეს არის ძეგლი ახალქალქის სომხური ეროვნების მაცხოვრებლისა, რომელიც იბრძოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა მეტწილად სომხეთში და საქართველოში არც უცხოვრია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საბრძოლველადაც საქართველოდან კი არა, სომხეთიდან წავიდა. ეს არა უბრალოდ ყარაბაღელი სომეხია, რომელსაც, შეუძლია, თქვას, რომ საკუთარ სახლს იცავს, არამედ, ფაქტობრივად, ბანდიტი, რომელიც არაფრით იყო უმჯობესი შამილ ბასაევზე, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. და აი, ასეთ ადამიანს უდგამენ საქართველოში ძეგლს... დავუშვათ, ვიღაც თვლის, რომ ამ ვითარებაში აზერბაიჯანის რეაქცია შეიძლება, უგულებელჰყო; აი, ამ ძეგლზე აღზრდიან ადგილობრივ სომეხ ახალგაზრდობას? სეპარატურისტული ტენდენციები ახალქალაქში – ეს ხომ საქართველოსთვის არის საფრთხე და არა აზერბაიჯანისთვის! ესმით  კი საქართველოში, როგორ და ვის წინააღმდეგ აღიზრდებიან ახალგაზრდები, თუკი იქ ძეგლს უდგამენ ადამიანს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სეპარატისტების მხარეს იბრძოდა?! თუკი საქართველოში ეს არ ესმით, მაშინ, ჩემი აზრით, ისმის კითხვა, რამდენად ადექვატურად აღვიქვამთ საქართველოსა და აზერბაიჯანში სეპარატიზმის საფრთხეს და ვართ თუ არა მზად მის წინააღმდეგ ერთად საბრძოლველად?

ან, მაგალითად, [სატრანზიტო] დერეფნები, რომელთა გახსნასაც აპირებენ: საქართველოსთვის არანაირი პრობლემა არ არის, რუსეთს აზერბაიჯანული კომუნიკაციების მეშვეობით დაუკავშირდეს, რაც, პრინციპში, ახლაც კეთდება და სამომავლოდაც გაკეთდება. აზერბაიჯანული რკინიგზა საქართველოსთვის რუსეთთან და ბელარუსთან დასაკავშირებლად ყოველთვის ღიაა. ამ თვალსაზრისით ფიქრი იმგვარი დერეფნების გახსნაზე, რომელსაც ქართველები ვერ გამოიყენებენ, იმ ტერიტორიების გავლით, რომელთა საზღვრებიც მუდმივად იცვლება, – ჩვენ ამაში საქართველოს მოტივაციას ვერ ვხედავთ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თავად საქართველოში იკარგება მსგავსი ქმედებების სიმცდარის განცდა? რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რა პოლიტიკურ მიზნებს ისახავს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება და რამდენად ემთხვევა ჩვენი ხედვები რეგიონულ გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით. არ ვისურვებდი, რომ საქართველოში ეგონოთ, თითქოს აზერბაიჯანული რეაქცია ემოციურია. ამ რეაქციის უკან იმალება გულწრფელი სურვილი, გავიგოთ საქართველოს მოტივაცია. გასაგებია, რომ ეს საქართველოს არჩევანია და ის, რა თქმა უნდა, თავისუფალია ამ არჩევანში, მაგრამ  ჩვენ გვსურს, ნათელი წარმოდგენა გვქონდეს მის პოზიციაზე, რათა საკუთარი პოლიტიკის ჩამოყალიბება შევძლოთ პერსპექტივისთვის.

–აქ, ცხადია, მნიშვნელოვანია, გარე ფაქტორებიც. რუსულ ფაქტორთან მიმართებაში ყველაფერი მეტ–ნაკლებად გასაგებია, მაგრამ აი, რამდენად არის აშშ, რომელიც არასობრივად, საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტია, მზად, ვითარებაზე გავლენა მოახდინოს და მოინდომებს თუ არა ამას?

–ჩემი აზრით, აშშ–მა გარკვეულწილად რეგიონის მიმართ ინტერესი დაკარგა, მათი ძირითადი ამოცანები რეგიონში უკვე მიღწეულია. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს პრორუსულებაში ადანაშაულებდნენ, რაც პირადად მე პოლიტიკური თამაშის ნაწილად მიმაჩნია, გასაგებია, რომ საქართველოს ვერც ერთი ხელმძღვანელობა ვერ წავა იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რეალურად არსებული წინააღმდეგობები საკვანძო საკითხებში საქართველოს ინტერესების ხარჯზე მოაგვაროს. აშშ–ისთვის ეს მდგომარეობაც საკმარისია. ძირითადი პროექტები, რომელიც ენერგეტიკულ რესურსებს უკავშირდება, უკვე ასევე ხორციელდება. შესაბამისად, აშშ–ის ერთადერთი პრაგმატული ინტერესი რეგიონში ირანს უკავშირდება: ნაბ სრულად უნდა გამორიცხოს რეგიონზე ირანის გავლენის გაფართოების შესაძლებლობა. როგორც აშშ–ში თვლიან, რუსული მიმართულებიდან მათ ეს უკვე შეძლეს, დიდწილად მოხერხდა ეს საქართველოსთან მიმართებაშიც, ეხლა ძვრებია სომხეთშიც... ყველაზე მეტად აშშ–ს რეგიონში ირანი აღელვებს, მას სურს, სამხრეთკავკასიური  პლაცდარმი გამოიყენოს ირანზე გავლენის გასაზრდელად. ჯერ–ჯერობით ასეთ შესაძლებლობას აზერბაიჯანი არ ქმნის. საქართველოს ირანზე უშუალო გასასვლელი არა აქვს. შესაძლოა (და ჩვენ ვიცით, რომ ბოლტონიც ჩამოდის), ცდილობენ გარკვეულ მუშაობას აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც ამ მიმართულებით, თუმცა არა მგონია, რომ მათ ამ თვალსაზრისით რაღაც პირდაპირი დივიდენდები მიიღეს. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, რეგიონის მიმართ აშშ–ის მოქმედი ადმინისტრაციის ყურადღების შესუსტება წინა ადმინისტრაციასთან შედარებით, სახეზეა და შესაძლოა, პროეცირდებოდეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზეც. რამდენადაც მე შემიძლია, შევაფასო მოვლენები, ევროპული ვექტორი ქართულ საგარეო პოლიტიკაში ბოლო პერიოდში გაცილებით უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე უწინდელი პროამერიკული. არადა, ევროპელებს ჩვენს თვალწინ ყველაფერი ემსხვრევათ და მოქმედების რაღაც გრძელვადიანი, თანმიმდევრული ხაზი, გარდა ჩვეული ლიბერალური ბლუყუნისა, იქ სადღეისოდ რთული დასანახია.

–ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენს ხალხებს სიბრძნე ვუსურვოთ...

–დიახ. ჩემი აზრით, სწორედ სიბრძნე აგვარიდებს იმას, რომ რაღაც გარედან შემოტანილი სუბიექტური გარემოებები იქცეს ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელოვან დამამძიმებელ ფაქტორებად.