საპატრიარქო ემბრიონისთვის მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

2019-02-22 17:00:33
242

საქართველოს საპატრიარქო ითხოვს, ემბრიონს მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსი მიენიჭოს.

ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს.

„ეკლესია ბავშვს ყოველთვის მიიჩნევდა პიროვნებად ჩასახვისთანავე. იმისთვის, რომ ქალს გაადვილებოდა აბორტის გაკეთება, ამ მანიპულაციას დაარქვეს პროცედურა, ხოლო აბორტის გამკეთებელს ექიმი. მოწყობილი იყო ყველაფერი იმისთვის რომ გაადვილებულიყო აბორტი. საზოგადოება, აბორტის შემთხვევაშიც კი, ქალს მაინც აღიქვამდა მზრუნველ დედად. ეს ორმაგი სტანდარტები დამახასიათებელია ბოროტებისთვის. ეს არის საშინელი ძალადობა, როცა ბავშვის არსებობის ყველაზე ბედნიერ, მუცლადყოფნის ხანაში, შეითქმებიან ზრდასრული ადამიანები მის წინააღმდეგ და უსწრაფებენ სიცოცხლეს“, – განაცხადა საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, მამა გიორგი ფირცხელანმა.

შეხვედრაზე მიწვეულმა დეპუტატებმა – პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ამ საკითხზე არ იქნება.

„დემოგრაფია არის სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო . უნდა გამოვძებნოთ გზები, რომ წავახალისოთ მრავალშვილიანობა.  წავახალისოთ ის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იმისა, რომ მრავალი შვილი არჩინონ კიდეც. სწორედ ამ გზებზე სასაუბროდ მოვედი დღეს. აბორტების რაოდენობა უნდა შემცირდეს, ამას ცალსახად ვეთანხმებით. ვეძებთ გზებს, რომ ეს კონკრეტული მიმართულება განვავითაროთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა შეხვედრაზე აბორტების აკრძალვის წარუმატებელ საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ აბორტი ჩავანაცვლოთ უსაფრთხო, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მოხმარებით. მკაცრი აკრძალვა არ არის გამოსავალი", – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ცნობისთვის: პარლამენტს აბორტის აკრძალვის ინიციატივით ბოლოს 2017 წელს მიმართეს. მაშინ, ინიციატივის ავტორი „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება - 21“-ს დირექტორი ზვიად ტომარაძე იყო. მაშინ ამ ინიციატივამ დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.