გიდების: აქცია-პერფორმანსი – „ეს საქართველოა”

2019-02-21 14:08:05
323

მეტეხის ტაძრის ეზოში გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით​აქცია-პერფორმანსი „ეს საქართველოა” მოეწყო.

ტაძრის ეზოში შეკრებილი ქართველი გიდები აცხადებენ, რომ მათი აქციის მიზანია, უცხოელ ტურ-ოპერატორებს მოუწოდონ, არ მოხდეს საქართველოს რუკის, სახელმწიფო სიმბოლიკისა თუ ქვეყნის ისტორიის დამახინჯება. ასევე, მოთხოვონ მთავრობას, რომ აღკვეთოს მსგავსი ფაქტები.

„ტურიზმის განვითარებამ ქვეყანა სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დააყენა.  საქართველოს ბაზარზე ბევრი უცხოური ტურისტული კომპანია შემოვიდა და დამკვიდრდა, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახა. თუმცა, ზოგიერთმა უცხოურმა ტურ-ოპერატორმა შეგნებულად თუ შეუგნებლად, დაიწყო ქართული სიმბოლიკის, ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაყალბება, რაც აქტიურად აისახა  ზოგიერთი უცხოური ტურისტული კომპანიის  ვებგვერდზე. აღნიშნულ ვებგვერდებზე საქართველოს რუკა არასრულადა წარმოდგენილი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი, ცალკე, დამოუკიდებელ ზონებადაა გამოყოფილი. თუ ეს უცოდინარობაა და პოლიტიკას არ უკავშირდება, მზად ვართ, გავწიოთ კონსულტაციები საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოლოგიის, კულტურის სფეროში. საქართველოს სრულყოფილ რუკასთან დაკავშირებით ჩვენმა აქციამ  სოციალურ ქსელებში მიიპყრო ფართო მასების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და უცხოური ტურისტული კომპანიების ყურადღება. ამიტომ, ვირტუალური ერთჯერადი სოლიდარობის აქცია  ჩვენი პროფესიული დღის დევიზად ვაქციეთ, და პუნქტებად ჩამოვაყალიბეთ პროტესტის ძირითადი საკითხები: 1. სახელმწიფო სიმბოლიკის დაცვა დამახინჯებისგან. 2. სეპარატისტული ტურიზმის განვითარების ალაგმვა. 3. საერთაშორისო სამართლის ნორმების და ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვა და შესრულება”,- განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

გიდებმა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში უფასო საფეხმავლო ტურები მოაწყეს.