„ბოლო პერიოდში გარე სენსიტიური საკითხების ჩვენს ეთნოსებს შორის ურთიერთობებში შემოტანის მცდელობებია“

2019-02-20 14:22:13
125

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, „ბოლო პერიოდში არის ერთეული მცდელობები გარე სენსიტიური საკითხების, პრობლემების ერთგვარად შიდა კონტექსტში, ჩვენს ეთნოსებს შორის ურთიერთობებში შემოტანისა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს მიუღებელია თავად ამ ქვეყანაში მცხოვრები როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური მოსახლეობისთვის.   

„ჩვენი პრიორიტეტი მომავალშიც მეტი მრავალფეროვნება და მეტი ინტეგრაცია იქნება. ეს სრულიად მიღწევადი და შეთავსებადი ამოცანებია. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ გავუფრთხილდეთ იმ მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს, რომელიც გვაქვს და რომელიც გამყარებულია ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარებლობის პრინციპებზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, არამედ მეტად წარმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ თითოეული მოქალაქის ჩართულობას. ამისათვის არის გამიზნული მთელი ეს სტრატეგიები, პოლიტიკა და თითოეული ჩვენი ნაბიჯი. 

ამის ხაზგასმა დღეს იმ კონტექსტშიც მინდა, რომ ბოლო პერიოდში არის ერთეული მცდელობები გარე სენსიტიური საკითხების, პრობლემების ერთგვარად შიდა კონტექსტში, ჩვენს ეთნოსებს შორის ურთიერთობებში შემოტანისა. ეს მიუღებელია პირველ რიგში აქ მცხოვრები მოსახლეობისათვის - ჩვენი ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისათვის, რომლებიც ქართველებთან და ყველა სხვა ეთნოსთან ერთად ჩვენს საერთო სამშობლოში ცხოვრობენ, მუშაობენ და ქვეყნის განვითარებისაკენ ილტვიან. ნომერი პირველი პრიორიტეტია, რომ ვიყოთ კონსოლიდირებულნი და გვქონდეს მშვიდობიანი მომავალი, რაც ყველას გვინდა. 

ბუნებრივია, სენსიტიურები ვართ ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც კონფლიქტია. საგარეო ასპარეზზე ძალიან გამოკვეთილი პოზიცია გვაქვს. თითოეულ მეზობელთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მეტიც, საქართველოს აქვს სურვილი და გაცხადებული მზაობა იმისა, რომ თავად იყოს სამშვიდობო პლატფორმა და მეზობელი სახელმწიფოების ინტერესების დაახლოებას ხელი შეუწყოს. თუმცა, ეს ყველაფერი საგარეო პოლიტიკაა და საშინაო ურთიერთობებთან საერთო არაფერი აქვს, სადაც ჩვენი ამოსავალი წერტილი მრავალსაუკუნოვანი, მშვიდობიანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარებლობის ტრადიციაა. ამას გავუფრთხილდებით, დავიცავთ და განვავითარებთ“, - განაცხადა მინისტრმა.  

 

ამის შესახებ მინისტრმა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ უმცირესობათა საბჭოსა და სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2019 წლის პრიორიტეტები წარუდგინეს.

 

როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი იუწყება, შეხვედრაზე განიხილეს მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხები.

 

საუბარი შეეხო სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობის, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექმნის, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნებისა და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით სახელწმიფო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს.

 

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ესაა შესაძლებლობა სახელმწიფოს პოლიტიკის მიმდინარეობა იმ ორგანიზაციებთან, ჯგუფებთან, ადამიანებთან იქნას განხილული, რომლებიც თავად არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ან სამოქალაქო ინტეგრაციასა და აღნიშნული ჯგუფების ინტერესების დაცვაზე მუშაობენ.

 

ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ (PITA) პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.