"TBC–ს დაცემამ მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს ეკონომიკურ წრეებს, რომ საქართველო განგსტერული ქვეყანაა. ეს განაჩენია!"

2019-02-18 19:53:14
302

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორის, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორის, ამერიკულ-ქართული სამედიცინო ასოციაციის (GAMPHA) პრეზიდენტ ზურაბ გურულის შეფასებით, TBC–ის დაცემამ უკვე გაუგზავნა მესიჯი მსოფლიოს ეკონომიკურ წრეებს, რომ საქართველო განგსტერული ქვეყანაა და რომ იქ დიდი ბიზნესის კეთება მხოლოდ ერთადერთ პირზე გასვლის საშუალებით შეიძლება".

გურული ფიქრობს, რომ "ეს სასიკვდილო განაჩენია".

"საინტერესოა დაკვირვება, თუ როგორ ათაყვანებს მედია მსოფლიოს. ამერიკა მეტნაკლებად უძლებს ამ პრობლემას, რადგან საბედნიეროდ, საკმარისად არსებობენ ალტერნატიული მედია-საშუალებები. თუმცა, ამერიკული დილა იწყება იმით, რა მორიგი სიბრიყვე დააბრეხვა ჩერჩეტმა ოკასიო-კორტესმა, ან რაზე იხუმრა სარკასტულად პრეზიდენტმა ტრამპმა. ბრბოს ნაკლებად აინტერესებს ინტელექტუალური წიაღსვლები მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, მათთვის მთავარია, საღლიცინო ჰქონდეთ საკმარისად. საქართველოს მედიაც ანალოგიური მიმართულებით მუშაობს. დაუღალავად არეკლამებს ქართული პოლიტიკის აპოკალიპტური ყეყეჩების ფრთიან და უფრთო გამონათქვამებს და საქციელს. ბრბოც დიდი ენთუზიაზმით არჩევს ამ სულელების სისულელეებს და ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ახერხებს მათ შეყვარებას. ამასობაში კი ქართული სახელმწიფოებრიობის უკანასკნელი ელემენტები საბოლოოდ ქრება. შეიძლება მავანს გაეცინოს, მაგრამ ქართული სახელმწიფოს დაქცევა "ასავალ-დასავალმა" დაიწყო სიბრიყვეთა დივერსიული ტირაჟირებით და წარმატებითაც დაასრულა. ბრბოდ ქცეული ქართული საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან ახალი სიბრიყვეების მოგონებაში და ახორხოცებენ ეგზალტირებულ მომხრეებს. ამასობაში კი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ქართული ბიზნესის ერთეული სუბიექტები ნადგურდება. "თიბისის" დაცემამ უკვე გაუგზავნა მესიჯი მსოფლიოს ეკონომიკურ წრეებს, რომ საქართველო განგსტერული ქვეყანაა და რომ იქ დიდი ბიზნესის კეთება მხოლოდ ერთადერთ პირზე გასვლის საშუალებით შეიძლება. ეს განაჩენია, სასიკვდილო განაჩენი. მაშინ როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ულტიმატუმს უყენებს ევროპას, რომ რუსული საწვავით დივერსიფიკაციას შეეშვან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ოკუპანტი ქვეყანა შემოჰყავს სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორის გასაკონტროლებლად. ესეც პირდაპირი გზავნილია ამერიკისათვის. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მედიისაგან გამოთაყვანებული საზოგადოება სერიოზულად აჩევდა კანდიდატების პირად მონაცემებს და საერთოდ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ ვინ და რა იდგა ამ კანდიდატების უკან. მავანი ყეყეჩები იმაზეც კი მსჯელობდნენ, თუ რომელი კანდიდატი სჯობდა ვიზუალურად. შედეგიც სახეზეა. საქართველოში პოლიტიკა მოკვდა. შემორჩენილი ფსევდოპოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ ვინ უფრო დიდ სისულელეს მოიფიქრებს ბრბოს მოსახიბლად. ბრბოდან საზოგადოების გამოწურვას უკვე აღარავინ ცდილობს , რადგან ზოგს ამის ძალა აღარა აქვს, ზოგს კი ხელს აძლევს ასეთი სოციალური მარკეტინგი",– წერს გურული სოციალურ ქსელში.