მისტიციზმი ქართულ მთაში: სვანეთში გარდაცვლილთა სულებს მასპინძლობენ

2019-01-17 21:35:35
7031

სვანეთში დღეს „ქუნარეში“, იგივე სულების კვირეული დაიწყო. სვანურ კულტურაში წინაპრისადმი პატივისცემა ღრმადაა გამჯდარი. ალბათ, ამავე განწყობებს უკავშირდება უძველესი ტრადიცია – „ქუნარეში“, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მიუხედავად მცდელობისა, დაგვედგინა, რა პერიოდიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია, ეს ვერ მოვახერხეთ – აღმოჩნდა, ჩვენს მიერ გამოკითხულ არც ერთ სვანს ეს არ ახსოვს. სამაგიეროდ კარგად ახსოვთ, რა რიტუალები უნდა შესრულდეს ამ კვირის განმავლობაში.

გარდაცვლილ ახლობელთა „მასპინძლობის“ ეს წესი მხოლოდ სვანეთში გვხვდება. „სულების კვირეული“ ზამთარში, ახალი წლის მეორე კვირას, ხუთშაბათ დღეს იწყება და 7 დღეს გრძელდება.

ეკლესიის პოზიცია ამ ტრადიციის მიმართ ჩვენთვის უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ წესი, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, სვანებს გარდაცვლილ წინაპართა დავიწყების უფლებას არ აძლევს და მათთან ერთგვარი კავშირისა და პატივისცემის შენარჩუნებაში ეხმარება. ირკვევა, რომ გარდაცვლილ წინაპართა ოჯახში „მიღების“ წესი სვანეთის სხვადასხვა სოფლებში განსხვავდება. ზოგიერთგან „სტუმრის მიღების დღეს“ ოჯახის უფროსები სანთლებითა და კვერებით ეკლესიაში მიდიან და უფალს სთხოვენ, სულების მასპინძლობის უფლება მისცეს, შემდეგ კი ანთებული სანთლებითვე შინ ბრუნდებიან და „სტუმრებს“ ელიან. სწამთ, რომ სულს ისე უნდა ეთაყვანო, როგორც უფალს. ტრადიციის მიხედვით, ოჯახი „სტუმრად მომავალი“ გარდაცვლილი წევრის დასახვედრად „სულების კვირეულის“ პირველ დღეს განსაკუთრებულად ემზადება. მზადდება სამი სანთელი, სხვადასხვა კერძები, მათ შორის – კვერები. საღამოხანს იშლება ისეთივე სუფრა, როგორითაც ჩვეულებრივ დღეებში ძვირფას სტუმრებს ხვდებიან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველა კერძი ცხელი და ხელუხლებელი იყოს (გადმოცემის თანახმად, სული კერძების ორთქლით იკვებება). მაგიდაზე ანთებენ სამ სანთელს, ღუმელში უკეთებენ საგანგებოდ ამ დღისთვის ოჯახის მეკვლის მიერ მოჭრილი კაკლის ტოტის ნაჭერს, აღებენ ყველა შემოსასვლელ კარს, ოთახში სინათლეს აქრობენ, ოჯახის შინ მყოფი ყველა წევრი კი გაშლილი სუფრის ირგვლივ იკრიბება და „სტუმარს“ ფეხზე მდგომი ხვდება. რამდენიმე წუთში ოჯახის უფროსი მოსულ „სტუმრებს“ ლოცავს, რომ მათი მისვლა სახლში ფეხბედნიერი იყოს და სითხით სავსე ჭიქიდან (სასმელი წყალი ან ღვინო) რამდენიმე წვეთს იატაკზე ღვრის (ესეც სვანების უძველესი წესია: მიცვალებულის შესანდობარისას ჭიქიდან რამდენიმე წვეთს იატაკზე, ან სუფრაზე მდგომ სხვა ჭურჭელში აქცევენ, რასაც „წადგმა“ ეწოდება). ეს რიტუალი მან სამჯერ უნდა შეასრულოს, რის შემდეგაც მას ოჯახში მყოფი ყველა წევრი უერთდება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ სანთლებს აქრობენ და ოჯახს შეუძლია, ივახშმოს. ამ წესის – „წადგმის“ შესრულება სავალდებულოა კვირის განმავლობაში ყოველ დილას და საღამოს, თუმცა სასურველია შუადღითაც. ყოველ ჯერზე კერძი უნდა იყოს ცხელი, პური კი – ახალი, ისევე, როგორც სასმელი.

ამასთან, გადმოცემის მიხედვით, ძალზე მნიშვნელოვანია, „მასპინძლობის“ ერთკვირიან პერიოდში ოჯახში სიმშვიდე სუფევდეს, დაუშვებელია ჩხუბი და არეულობა. ოჯახის უმცროსი წევრები კითხულობენ ზღაპრებს. ზოგადად, სუფევს დადებითი განწყობა.კვირის განმავლობაში ერთი დღე მარხვისაა. წელს ეს დღე ნათლისღებას ემთხვევა. სავალდებულოა, რომ ოჯახის ყველა წევრმა ამ დღეს დაიცვას მარხვა, ხოლო ვინც დაარღვევს, შემდეგ დღეებში „წადგმას“აღარ უნდა დაესწროს. მარხვის დღეს სუფრაზეც მხოლოდ სამარხო კერძები იდგმება და აუცილებელია ხილი. „სულების კვირეულის“ ერთ–ერთი ასევე ძალზე მნიშვნელოვანი დღე არის კვირა. გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს გარდაცვლილთა სულებს კრება აქვთ და ადგენენ იმ პირთა სიას, ვინც მიმდინარე წელს დატოვებს სააქაოს. ამ დღეს „წადგმა“ მხოლოდ საღამოს ხორციელდება.

რაც შეეხება კვირეულის ბოლო დღეს, როდესაც ოჯახში მისული „სტუმრები“ ტოვებენ მასპინძლებს, სუფრა ამ დროსაც განსაკუთრებულ იერს იძენს, ისევე, როგორც პირველ დღეს. ოჯახის უფროსი მათ სთხოვს, ოჯახს და მის ყველა წევრს მფარველობა გაუწიონ და კეთილი ფეხი დაუტოვონ. „წადგმის“ რიტუალი, ისევე, როგორც პირველ დღეს, ამ დღესაც სამჯერ სრულდება. ასევე სრულად უნდა დაიწვას მასპინძლობისთვის მომზადებული კაკლის ტოტი.

„გაცილების“ ჟამს ოჯახის ყველა წევრი კარისგან ზურგით დგება, ოჯახის უფროსი კი წინასწარ მომზადებული რძისა და ღვინის ნაზავით ჭიშკრამდე კვალს ტოვებს, თან აქვს სამი კვერი და დარჩენილი სანთელი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ყოველ „წადგმაზე“ ინთება და მიაცილებს სტუმრებს, თან გზა მშვიდობისას უსურვებს. კვერებს და ანთებულ სანთლებს ჭიშკართან ტოვებს, რათა სანთელმა მიმავალთ გზა გაუნათოს. ოჯახის დანარჩენ წევრებს ამ რიტუალისთვის თვალის დევნების უფლება არ აქვთ, მთელი ამ პროცესის განმავლობაში კარისკენ ზურგით დგომას განაგრძობენ და ამ პოზიციას მხოლოდ ოჯახის უფროსის სახლში შებრუნების შემდეგ ტოვებენ და ვახშმობენ.

გადმოცემის მიხედვით, შორეულ წარსულში სახლში ერთი კვირით დაბრუნებული გარდაცვლილი ახლობლის ხილვა შესაძლებელი იყო, თუმცა ერთ–ერთმა დედამ ვერ გაუძლო მონატრებას, გარდაცვლილ შვილს მოეხვია და ამით ამიერ და იმიერ სამყაროს შორის საზღვარი დაარღვია, რის შემდეგაც სტუმრად მოსული სულები უხილავები გახდნენ.

ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი"

ავტორი: დიანა მუსელიანი