შერჩევითი კარანტინი

2019-02-14 15:13:45
350

ცხინვალის რეგიონთან დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილების თავისუფლება ყველასთვის როდია შეზღუდული. კარანტინიც ახალგორის ოკუპირებულ რაიონში შერჩევითად მოქმედებს. ამასთან, ადგილობრივები ჩივიან, რომ “რაზდახანის” (ოსური სახელწოდება) გამშვებ პუნქტზე თბილისში სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის საშვების გაცემის პროცედურა გართულდ.

გუშინ დილით ახალგორის რაიონული საავადმყოფოს პაციენტმა, სოფელ იკოთას 52 წლის მკვიდრმა თემურ მელაძემ გონება დაკარგა. ექიმებმა ინსულტი დაუდგინეს – განმეორებითი: პირველი პაციენტმა გასულ წელს გადაიტანა, თბილისში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათავის ქალის ტრეპანაცია და ფაქტობრივად, საიქიოდან მოაბრუნეს.

ბუნებრივია, დადგა პაციენტის თბილისში გადაყვანის საკითხი. ცხინვალის ვარიანტი არც კი განხილულა, რადგან იქაც გადასაჭრელი გახდებოდა თანამედროვე მომსახურების მქონე კლინიკაში გადაყვანის საკითხი. გარდა ამისა, ინსულტის დროს პაციენტის გადასარჩენად თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, პროგნოზი თრომბოლიზისის ჩატარების დროზეა დამოკიდებული: თუ პირველი საათნახევრის განმავლობაში მოესწრება, სრულად აღდგენის შანსი 4-5-დან ერთ პაციენტს აქვს; თუ 3 საათის განმავლობაში – 9-დან ერთს, ხოლო თუ 4,5 საათის განმავლობაში - 14-დან ერთს.

ერთი შეხედვით, მელაძეს გაუმართლა: თბილისი გვერდზეა; ქართული რეანიმობილი დე ფაქტო საზღვართან მაქსიმუმ, 20 წუთში მიდის და ეს დრო სრულიად საკმარისია ოსური სასწრაფოსთვის, რომ პაციენტი გადაცემის ადგილამდე – ქართულ საგუშაგომდე მიიყვანოს.

როგორც ახალგორელი ექიმები ირწმუნებიან, მათი მხრიდან შეფერხება არ ყოფილა, ისინი მზად იყვნენ, ნებისმიერ წუთს გასულიყვნენ, თუმცა შეიქმნა ადმინისტრაციული წინაღობები: მესაზღვრეები და დე ფაქტო ჩინოსნები თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ, აპელირებდნენ აკრძალვებსა და კარანტინზე.

შედეგად “მძიმე” პაციენტის ჰოსპიტალიზაცია 9 საათით შეფერხდა! თანხმობა მოსკოვის დროით, 19:00 სთ-ზე იქნა მიღებული. ავადმყოფის თბილისში გადაყვანის არანაირი შესაძლებლობა აღარ იყო, ექიმებს უბრალოდ ეშინოდათ, რომ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწევინებდნენ, ამიტომაც იგი მცხეთის საავადმყოფოში დააწვინეს.

საქართველოში “ღორის გრიპის” გავრცელების გამო კარანტიზე აპელირება აქ გამართლებად ვერ გამოდგება, მით უფრო, რომ ეს კარანტინი შერჩევითია - “ბლატით”, “თავისიანებისთვის” მუდმივად უშვებენ გამონაკლისებს. ასე, მაგალითად, დაბა რაზდახანის საბჭოს თავმჯდომარემ საზღვრის ჩაკეტვიდან ერთ კვირაში თბილისში მანქანა შეიძინა და შინ ჩაიყვანა; გუშინ თბილისიდან ხალხი ჩამოვიდა ერთ-ერთი ჩინოსნის ნათესავის დაკრძალვაზე დასასწრებად და ა.შ. უცნაური ისტორია გამოდის: ხელისუფლება შიშობს, თბილისიდან წითელა ან გრიპი არ შემოიტანონ და საზღვარს კეტავს. ამასთან, თბილისიდან რაიონში ხალხს ატარებენ, ხოლო რაიონიდან თბილისში – არა... სადაა ლოგიკა?! თუ აქიდან იქ წავალ, რაიონში ვირუსს როგორ შემოვიტან?! ამიტომაც ფიქრობენ ადგილობრივები, რომ საზღვარი არა გრიპის გამო დახურეს, არამედ მათ მიანიშნეს: შეეჩვიეთ, აწი ასე იცხოვრებთო”, - ამბობს ადგილობივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის მონაცემებით, ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ კარანტინის გამოცხადებამდე თბილისში სასწავლებლად გასვლა 21-მა სტუდენტმა ვერ მოასწრო. მათი ოჯახები, თამარის ინფორმაციით, კოლოსალურ ზარალს განიცდიან თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სანქციების გამო:

«არ გამოცხადდი გამოცდაზე? - ჯარიმა, რადგან მოსწავლის არგამოცხადების გამო კომისიის წევრებს ხელმეორედ სხვა დროს მოუწევთ მისვლა. როგორც გუშინ ერთ-ერთი სტუდენტის დედამ მიამბო, სადღეისოდ უკვე დაახლოებით 1400 ლარი აქვთ გადასახდელი, რადგან მისი შვილი ჩათვლას, გამოცდას და ა.შ. ვერ დაესწრო».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება