ვიდეო ▶ ჯაღმაიძე – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე: „თუ სიმართლეა სათქმელი, პრობლემებისთვისაც მზად ვართ“

2019-02-13 18:17:46
215

საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ფიქრობს, რომ ქართული ეკლესია სანფორმაციო ომის ფაზაშია და მას გარკვეული ჯგუფები შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. განცხადება მამაომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საუბრისას გააკეთა.  

„რაღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟია ისევ ჩვენი თანამემამულეების გარკვეული ჯგუფის მხრიდან, რომ საქართველოს ეკლესია რაღაცას აგვიანებს, ხელოვნურად აფერხებს, ან თითქოს რაღაც სხვა ქვეყნის ეკლესიის ინტერესებს ატარებს. ეს საინფორმაციო ომის და დეზინფორმაციის ნაწილია. ობიექტური რეალობა გვაჩვენებს, რომ ჯერ–ჯერობით მსოფლიოს არც ერთ ეკლესიას, გარდა კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოსა, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილი პასუხი არ დაუდია. თვითონ კონსტანტინეპოლის ეკლესიაშიც მაღალი იერარქები ორ სხვადასხვა პოზიციას აჟღერებენ ისევე, როგორც მოსკოვის საპსტრიარქოში თეოლოგები თუ მკვლევარები სხვადასხვა პოზიციებზე არიან. ვნახოთ რა ხდება თვითონ უკრაინაში: 85 იერარქიდან, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ ეკლესიაში არიან, მხოლოდ ორმა ისურვა ახლადშექმნილ ეკლესიაში გადასვლა. და ჩვენ უკრაინელ ხალხად ვის მივიჩნევთ? იმ ნაწილს, რომელიც გადადის, თუ იმ ხალხს, რომელიც არ გადადის? იქნებ ჯერ მათ ვაცადოთ, ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია, გაერკვნენ სიტუაციაში“,– ამბობს საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი.   

მისივე განმარტებით, თითოეული ეკლესია, რომელსაც ამ დროისთვის პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს, საკითხს იკვლევს.

„ტომოსის წაკითხვა არ არის პრობლემა. ტომოსი წაიკითხეს იმ ეკლესიებმაც, რომელთაც ბერძნულიდან თარგმანი არ სჭირდებათ, მაგრამ მათაც არ მიუღიათ გადაწყვეტილება. მიმდინარეობს კანონიკურ საფუძველებზე მსჯელობა. დღესისათვის სულ ახალ–ახალი ანალიზი იდება ორვე მხარის სასარგებლოდ: რამდენად კანონიკურია, ან უკანონო ეს მოვლენა და თითოეულ ამ დოკუმენტს სჭირდება ღრმა ანალიზი. ერთია, ჩვენი სიმპათიები უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც დამოუკიდებელი ეკლესიის შემთხვევაში დამოუკიდებელი იდეოლოგიის და სახელმწიფოებრივი შეგნების მეტი ატრიბუტი ექნება, მაგრამ მეორე საკითხია საეკლესიო კანონიკა, როლის ჭრილშიც უნდა იქნეს განხილული ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რამდენად დიდიც არ უნდა იყოს პოლიტიკური შემადგენელი და ჩვენი სიმპათია უკრაინელი ხალხის მიმართ“.

კითხვას, არის თუ არა გადაწყვეტილების პროცესში რუსეთის საპატრიარქოს პოზიცია ფაქტორი და მასთან კონფრონტაციაში შესვლისგან თავის არიდება, საპატრიარქოს წარმომადგენელი პასუხობს: „საქართველოს ეკლესია არასოდეს ერიდება პრობლემებს და თუ სიმართლეა სათქმელი, პრობლემებისთვისაც მზად ვართ. საკითხის ასე განხილვა სრულ სურათს არ მოგვცემს. ასე არ წყდება საკითხი. ჩვენთან მიმდინარეობს იგივე პროცესი, რაც სხვა ეკლესიებში. სხვა ეკლესიები, რომელთაც არ მიიღეს გადაწყვეტილება, ისინი არ უყურებენ რუსეთს ან კონსტანტინეპოლს. ისინიც კანონიკურ საკითხს იკვლევენ“.

მისივე თქმით, როდესაც ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა, კონსტანტინეპოლს აღიარებისთვის 70 წელი დასჭირდა, ხოლო უკრაინის შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა:

„ჩვენს ეკლესიაში არ იყო აზრთასხვადასხვაობა, ისევე როგორც ამას ვხედავთ უკრაინის ეკლესიაში“.

 

 

ამავე თემაზე:

თბილისი VS მოსკოვი: დგება თუ არა სიმართლის მხარეს ქართული ეკლესია?