შსს: ხილიანზე ხანძარს წინ დედაზე ძალადობა უძღოდა

2019-02-12 21:41:18
216

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით თბილისში 1989 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. დაკავებული დ.ვ. ხილიანზე არსებული იმ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეა, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა.

დაკავებულს ბრალად ოჯახში ძალადობა ედება, რაც თავისუფლების 2-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

რაც შეეხება ხანძარს, გამოძიება სსკ–ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.