კარბამიდის ტერმინალები მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტული ქალაქებიდან

2019-02-12 20:47:26
545

ბოლო ხანებში ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას საზოგადოების გარკვეული ნაწილის ვნებათაღელვა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ტურისტულ ქალაქში არ შეიძლება არსებობდეს მსგავსი ტერმინალი, რომ ის გარემოს უქმნის საფრთხეს. „აქცენტმა“ მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში არამხოლოდ კარბამიდის, არამედ მულტიფუნქციური ტერმინალების შესახებ ინფორმაცია მოიძია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ტურისტული ქალაქების პორტებში ფუნქციონირებენ.   

ასე მაგალითად, ტერმინალი OBA ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის პორტშია განთავსებული. 

ტერმინალი OBA – ამსტერდამის პორტი


OBA მშრალი და ნაყარი ტვირთების შენახვა/გადაზიდვა/დამუშავებაზე სპეციალიზდება. OBA აღჭურვილია მაღალი სტანდარების მქონე როგორც ღია, ისე დახურული შენობებით.  ტერმინალი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რათა მუდმივად აკონტროლოს გარემოზე ზეგავლენის ნიშნულები.

ტერმინალი EMO – როტერდამის პორტი


ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის პორტში მდებარეობს ტერმინალი EMO, რომელიც ევროპაში ერთ –ერთი ყველაზე დიდი მშრალი ტვირთების გადამტანი ტერმინალია. მშრალი ტვირთების თითქმის 80% ევროპაში სწორედ ამ ტერმინალის გავლით ხვდება.

EMO  მოწოდებულია, შეინარჩუნოს გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, ხარისხისა და უსაფრთხოების კუთხით მოპოვებული სერთიფიკატები. გარდა ამისა, EMO არის „Bettercoal Bettercoal“- ის  ასოცირებული წევრი, რომელიც საქმიანობის გამჭვირვალედ წარმოებას, გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

„HES Botlek Tank“ ტერმინალი (HBTT ) – როტერდამის პორტი


HBTT ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამის პორტში მდებარეობს. ტერმინალი აღჭურვილია ისეთი ნაგებობებით, სადაც ხდება თხევადი ტვირთების შენახვა. გარდა ამისა, ტერმინალიდან ხორციელდება თხევადი ტვირთების ტრანსპორტირება. HBTT გარემოს დაცვის კუთხით მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო ტერმინალადაა მიჩნეული. ეს არის პირველი ტერმინალი ნიდერლანდებში, რომელიც ISO 28001 სერთიფიცატის მფლობელია. როგორც ტერმინალის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უსაფრთხოების მართვის სისტემა NTA 8620-ის სტანდარტების შესაბამისია და უსაფრთხოებაზე ზრუნვა მუდმივი პროცესი.

 

HES Dillingen Bulk ტერმინალი (HDBT) – გერმანია


ნაყარი ტვირთების ერთ–ერთი ყველაზე დიდი  HES Dillingen Bulk ტერმინალი გერმანიის დილინგელის რაიონში, მდინარე საარის გასწვრივ მდებარეობს. იგი  სხვადასხვა ნაყარი ტვირთების შენახვაზე სპეციალიზდება. HDBT ემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მწარმოებლებს. ტერმინალის მოიცავს საკმაოდ დიდ ტერიტორიას, რომელზეც დახურული ტიპის ნაგებობებია განთავსებული. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ამ კუთხით HDBT თანამედროვე სტანდარტების ტექნიკითაა აღჭურვილი.

HES Gdynia Bulk ტერმინალი  (HGBT) – პოლონეთი


HGBT პოლონეთის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პორტი – გდინიას მთავარ შესასვლელში მდებარეობს. იგი მშრალი და თხევადი ტვირთების ტრანსპორტირებაზე სპეციალიზდება.

სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის საშუალებით ტერმინალის გავლით ხდება, როგორც მშრალი ისე თხევადი ტვირთების ტრანსპორტირება. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომების დაცვას, ტერმინალი „ISO“–ს, „OHSAS“–ის და „GMP+“–ს სერტიფიკატების მფლობელია. როგორც ტერმინალის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გარემოს დაცვის კუთხით მთავარი გამოწვევა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაა.  HGBT აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰაერის დაბინძურება.

მომდევნო მასალაში შემოგთავაზებთ იტალიის, ესპანეთის, კალიფორნიისა და კანადის მაგალითებს, სადაც მსგავსი ტერმინალები ფუნქციონირებენ.