სააკაშვილი შემდეგ შეხვედრებს იტალიაში გეგმავს: „ამჯერად ბარდაგს ვერავინ მოაწყობს“

2019-02-12 20:40:54
786

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ლიეჟის შემდეგ მოქალაქეებთან შეხვედრას იტალიაში გეგმავს.

„ივანიშვილი იძახდა, დაგაჩმორებთ, უცხოეთში ყველგან მოგწვდებით. არ გამოუვა, რადგან იტალიაში 3 მარტს ვაპირებთ ძალიან მაგარ შეკრებას. იქ უკვე განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ. ნახეთ, რა ხალხი მოიყვანეს ლიეჟში, რას ჰგავდნენ. მწვადები დაურიგეს, მერე ეს მწვადები დაყარეს იმ კონგრესის ჰოლში, მერე პლაკატები დახიეს, უკაცრავად და ქალთა საპირფარეშოში ჩასაფრებული იყო რამდენიმე ჯეელი მოჭიდავე, იქიდან გამოვარდებოდნენ და ესხმოდნენ თავს ქართლოსს, ჩემს პაროდისტს. ივანიშვილის ეს გორილების ან მოჭიდავეები, ბრტყელთავიანები და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეები ნამდვილად ვერ შეგვიშლიან ხელს ხელს“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „იტალიაში ბარდაგს ვერავინ მოაწყობს“.

„აბა, ახლა დარაზმეთ თქვენი ქალები, 500 ევროებს რომ ურიგებდით და გამოაგზავნეთ კიდევ სუს-ის მოჭიდავეები იტალიაში. ჩვენ მოვუვლით მაგ ხალხს სათანადოდ. წინასწარ სულ ბელტ-ბელტ ჩავაბარებთ იტალიის პოლიციას ხელბორკილდადებულს ყველას, ვინც შეეცდება, მშვიდობიან მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას. საქართველოშიც აღვკვეთავთ თქვენს ბარდაგსა და თარეშს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.